”გაზპრომი” უარყოფს საქართველოს მიმართ 2 მლნ აშშ დოლარის დავალიანებას
რუსული სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომი” უარყოფს, რომ საქართველოს მიმართ 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობით დავალიანება დაუგროვდა, იუწყება 6 აგვისტოს ”რია ნოვოსტი”.
საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ხეთაგურმა წინა კვირას განაცხადა, რომ ”გაზპრომმა” საქართველოს სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასური უნდა გადაუხადოს.
”გაზპრომთან” გაფორმებული შეთანხმების თანახმად, საქართველო სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის 10%-ს იტოვებს. ბოლო სამი თვის განმავლობაში, აცხადებს ხეთაგური, საქართველოს არ მიუღია 10%-იანი კუთვნილი წილი, რადგან საკმარისი გაზით მარაგდება აზერბაიჯანიდან.
”გაზპრომის” საზოგადოებასთან ურთიერთობის უცნობ წყაროზე დაყრდნობით ”რია ნოვოსტი” იტყობინება, რომ საქართველომ შეამცირა თავისი 10%-იანი კვოტიდან გაზის მოხმარება.
”პირობები, რომლის თანახმადაც ხორციელდება რუსული გაზის ტრანზიტი სომხეთში, ითვალისწინებს მხოლოდ ბუნებრივი აირის მიწოდებას გაწეული სატრანზიტო მომსახურების სანაცვლოდ,”- აცხადებს ”გაზპრომის” წყარო, ”და არავითარი შეთანხმება ტრანზიტის მომსახურების ფულადი სახით უზრუნველყოფაზე არ არსებობს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)