skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველი ბათიაშვილის სასამართლო პროცესს აკრიტიკებს

ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება არის ”დაუსაბუთებელი” და არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს, აცხადებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.


თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ირაკლი ბათიაშვილი დამნაშავედ ცნო კოდორის ხეობაში შარშანდელი ამბოხების ინიციატორის ემზარ კვიციანის ”ინტელექტუალურ მხარდაჭერაში” და მაისში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ბათიაშვილმა განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. პოლიტიკური სპექტრის დიდმა ნაწილმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა ბათიაშვილი ასევე ”პოლიტიკურ პატიმრად” მონათლეს. საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა ბათიაშვილის საკითხი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან მეთიუ ბრაიზასთან 27 ივლისს თბილისში გამართულ შეხვედრაზეც დააყენეს.


სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამის თაობაზე მას მაისში ბათიაშვილმა და მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა მიმართეს.


ოპოზიციური პარტია ”წინ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს უშიშროების შეფი იყო, შარშან 29 ივლისს დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ზემო კოდორის ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელმა ემზარ კვიციანმა ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.


2006 წლის 1 აგვისტოს სამართალდამცავებმა გაავრცელეს ბათიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ემზარ კვიციანთან, რომელშიც ბათიაშვილი ეუბნება კვიციანს ”გამაგრდი” და მოუწოდოს სამთავრობო ძალებს არ გამოიყენონ იარაღი და ”არ გაისვარონ სისხლში“. 


ეს სატელეფონო ჩანაწერი იყო ბათიაშვილის წინააღმდეგ არსებული მთავარი მტკიცებულება. მისი დაცვის მხარის განცხადებით, მტკიცებულება გაყალბებული იყო, რადგან სატელეფონო ჩანაწერი სამართალდამცავების მიერ იყო დამონტაჟებული.


შესწავლილი მასალების საფუძველზე სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ სასამართლოს ”სრულყოფილად არ გამოუკვლევია” მტკიცებულებები.


”სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი სატელეფონო საუბრების აუდიო ჩანაწერები და მათი დეშიფრირებული ტექსტი (კრებსი) ერთმანეთისაგან შინაარსობრივად განსხვავებული იყო. მიუხედავად ამისა მოსამართლემ საეჭვოდ არ მიიჩნია მათი ნამდვილობა და დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, ექსპერტიზის დანიშვნის გარეშე, განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო მათ,”- აცხადებს სახალხო დამცველი.


მისი თქმით, სასამართლომ ”შეგნებულად აარიდა თავი” სასამართლო პროცესზე იმ მოწმეების გამოძახებას, რომლებსაც ბათიაშვილის სასარგებლოდ შეეძლოთ ჩვენების მიცემა.


სახალხო დამცველის გამოკვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ბათიაშვილის დამნაშავედ გამოცხადება იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლის ამსრულებელიც მსჯავრდებულად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ”თანამონაწილეობის აქცესორული კონცეფციის უხეში დარღვევაა”. ემზარ კვიციანის მიმართ, რომელიც სამშობლოს ღალატისა და ამბოხის მოწყობის ბრალდებით ჯერ კიდევ იძებნება, სასამართლო პროცესიც არ დაწყებულა.


”საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (უდანაშაულობის პრეზუმპცია), ემზარ კვიციანი ჯერჯერობით უდანაშაულოა,”- ნათქვამია დოკუმენტში, ”ანუ, ირაკლი ბათიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო დამხმარედ იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლის ჩადენაც ჯერ სასამართლოს მიერ არ არის დადასტურებული”.
 
”შესწავლილი მასალების საფუძველზე სახალხო დამცველი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე არის დაუსაბუთებელი, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს, რაც კანონის მოთხოვნის უხეში დარღვევაა, რის გამოც ბათიაშვილის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება,”- აცხადებს სახალხო დამცველი.


სოზარ სუბარი მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლე მაია თეთრაულის მიმართ, რომელიც უძღვებოდა ბათიაშვილის სასამართლო პროცესს, დისციპლინური წარმოება დაიწყოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button