რუსეთს სურს, რომ თბილისში ჩარტერული რეისები რუსულმა ავიაკომპანიებმა განახორციელონ
საქართველოში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის ივან ვოლინკინის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარტერული რეისები არ შესრულდება.
ამ თემაზე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს ქართული ავიკომპანიები ივნისიდან აწარმოებდნენ, თუმცა ჩარტერული რეისების დაწყების მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.
რუსული მხარე ქართულ ავიკომპანიებს დავალიანების არსებობის მოტივით ფრენებზე უარს ეუბნება, ქართული მხარე კი მხოლოდ რუსული კომპანიების ფრენას არ თანხმდება.
”როცა ქართულ ავიაკომპანიებს აქვთ დავალიანება რუსეთის მიმართ, რატომ არ დაფრინავენ მაშინ რუსული ავიაკომპანიები? ესეც გაურკვეველია ჩვენთვის. როცა ჩვენ ვთავაზობთ, რომ იფრინონ რუსეთის ავიაკომპანიებმა, ჩვენ უარს გვეუბნებიან,”- განაცხადა ვოლინკინმა.
თუმცა ქართული ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეავეისი”, რომელიც ჩართული იყო რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებში, არასწორს უწოდებს ინფორმაციას დავალიანების არსებობის შესახებ.
”ჩვენს ავიაკომპანიას დავალიანება არ გააჩნია… ჩვენი კომპანიის პოზიცია ასეთია: ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს და დღეს აღვადგინოთ რეისები იმავე პარიტეტით, რომელსაც ვასრულებდით [საჰაერო მიმოსვლის] შეწყვეტამდე. უბრალოდ ეს არის დამოკიდებული რუსეთის პოლიტიკურ ნებაზე,”- განუცხადა დღეს ”რუსთავი 2”-ს ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.
პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, ისევე როგორც ყველა სხვა სახის რეგულარული სატრანსპორტო კავშირი რუსეთმა საქართველოსთან გასული წლის ოქტომბრიდან შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ჯაშუშების სკანდალის გამო ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები დაიძაბა.
თუმცა ივან ვოლინკინმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის მიზეზად, ”პირველ რიგში”, ქართულ მხარეს დავალიანების არსებობა დაასახელა.
უნდა აღინიშნოს, რომ საჰაერო კავშირის შეწყვეტის შემდეგ ”ჯორჯიან ეარვეისმა” საშობაოდ და სააღდგომოდ რამდენიმე ჩარტერული რეისი შეასრულა მოსკოვის მიმართულებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)