ახალი ამბები

ლავროვი უარყოფს სოხუმისთვის ოლიმპიადის მომზადებაში მონაწილეობის შეთავაზებას

რუსეთის ოფიციალურ პირებს არასოდეს დაუყენებიათ საკითხი სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მომზადებაში აფხაზეთის ჩართვის თაობაზე, იუწყება 1 აგვისტოს ”რია ნოვოსტი” რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.


”მსგავსი საკითხი არცერთ რუს ოფიციალურ პირს არსად, არასოდეს არ დაუყენებია,”- აცხადებს ლავროვი.


თუმცა რუსული მედია 19 ივლისს რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ჟუკოვის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ აფხაზეთში არის ყველა საშუალება ცემენტის ქარხნების ასაშენებლად, რომელიც საჭიროა სოჭში სპორტული ობიექტების და სხვა ინფრასტრუქტურის აშენებისთვის.


ოფიციალურმა თბილისმა მწვავე პროტესტი გამოთქვა თვითგამოცხადებული რეგიონის შესაძლო ცალმხრივ ჩართვაზე ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებში. საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ამგვარ მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მოსკოვი ამ საკითხს თბილისთან შეათანხმებს.


ამ პოზიციის გახმოვანების შემდეგ, რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ 26 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ოლიმპიადის მომზადების მიზნით აფხაზეთის პოტენციალის შესწავლაში. თუმცა ”არავის უთქვამს, რომ რუსეთი ამის გაკეთებას საქართველოს გარეშე აპირებს,”- დასძინა მან.

Back to top button