აფხაზეთის ლიდერი სანაკოევზე, კოსოვოს შემთხვევაზე საუბრობს
აფხაზეთში, განსხვავებით სამხრეთ ოსეთისაგან, ძნელია მოიძებნოს პოლიტიკოსი, რომელიც ლოიალური იქნება თბილისის მიმართ, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა გაზეთ ”კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
”აფხაზეთის სიტუაცია სრულიად განსხვავებულია სამხრეთ ოსეთისაგან. შეუძლებელია სანაკოევის ტიპის პიროვნების გამოძებნა,”- განაცხადა ბაღაფშმა დიმიტრი სანაკოევზე, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე.
მისი თქმით, სანაკოევი ”მოღალატეა” და ”ეს გეგმა მხოლოდ ომს გამოიწვევს სამხრეთ ოსეთში და ყველას კარგად უნდა ესმოდეს ეს”.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მან გააფრთხილა უცხოელი დიპლომატები თავი შეიკავონ ურთიერთობისაგან აფხაზეთის ლეგიტიმურ სტრუქტურებთან.
”ჩვენ გავაფრთხილეთ [დიპლომატები]: თუ თქვენ ესტუმრებით კოდორის ხეობას [ლეგიტიმური ხელისუფლების შტაბბინას], თქვენთან არცერთი ადამიანი აღარ ისაუბრებს აფხაზეთში,”- განაცხადა ბაღაფშმა ინტერვიუში.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სოხუმი თბილისთან დიალოგს მას შემდეგ განაახლებს, რაც ზემო კოდორის ხეობას ქართული ძალები დატოვებენ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების დაწყების ამ წინაპირობას სოხუმი არ გადათქვამს.
”მე ვიცი, რაში სჭირდებათ მათ [ქართულ მხარეს] პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკებები. იმისთვის, რომ შემდეგ თქვან: ბაღაფში და სააკაშვილი ხვდებიან ერთმანეთს და მათ ნორმალური ურთიერთობები ექნებოდათ, ხელს რომ რუსეთი არ უშლიდეთ. ჩვენ მათ ასეთ საბაბს არ მივცემთ,”- განაცხადა ბაღაფშმა.
მან ასევე ისაუბრა კოსოვოს სტატუსის შესაძლო ეფექტზე და განაცხადა, რომ თუ კოსოვო წლის ბოლომდე მიიღებს დამოუკიდებლობას, ეს ”მხოლოდ ხელებს გაუხსნის სხვა სახელმწიფოებს აფხაზეთის აღიარებისაკენ”.
”აფხაზეთში ბევრი ნაწყენი დარჩა, რომ რუსეთი მხარს უჭერს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას და კოსოვოს ცნობის წინააღმდეგია. რუსეთი დიდი სახელმწიფოა და მისი ეს პოზიციაც გასაგებია: ის განიხილავს სერბეთს, როგორც გეოსტრატეგიულ პარტნიორს,”- განაცხადა ბაღაფშმა.
”კოსოვოს ბედი გადაწყვეტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენიც გადაწყდება უახლოეს ხანში,”- დასძინა მან, ”ჩვენ გაცილებით მეტი ისტორიული და სამართლებრივი საფუძველი გვაქვს მოვითხოვოთ დამოუკიდებლობა, ვიდრე კოსოვოს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)