მეთიუ ბრაიზა ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრის დროს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის, მომავალი არჩევნების და სეპარატისტული კონფლიქტების საკითხები იქნა განხილული, განაცხადეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა 27 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრას ახალი მემარჯვენეების, რესპუბლიკელების, მრეწველთა და კონსერვატორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან განაცხადა, რომ შეხვედრაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეშფოთება გამოხატეს არსებული საარჩევნო კოდექსის გამო, რომელიც, მათი თქმით, არ უზრუნველყოფს ”სამართლიანი და თანაბარი კონკურენციის შესაძლებლობებს” 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
კუკავას თქმით, ოპოზიციას სურს, რომ აშშ-მ დადებითი როლი ითამაშოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაში.
დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა, რომ შეხვედრაზე ოპოზიციამ ასევე დააყენა ირაკლი ბათიაშვილის საკითხიც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი შვიდწლიან სასჯელს იხდის ემზარ კვიციანისთვის ”ინტელექტუალური მხარდაჭერის” გამო. ბათიაშვილის დაპატიმრება დაგმეს ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.
ივლიანე ხაინდრავამ ასევე განაცხადა, რომ ამერიკული მხარის ”ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო იმის თაობაზე, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ ის მრავალრიცხოვანი პრობლემები, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)