skip to content
ახალი ამბები

ეუთოს წარმომადგენელი მიესალმა თბილისის მცდელობებს კონფლიქტის მოგვარების კუთხით

ეუთო მიესალმება საქართველოს ინიციატივებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ყველა მხარის ჩართვის თაობაზე, განაცხადა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხოსე ბორელ ფონტელესმა 26 ივლისს.


25-26 ივლისს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მან თბილისში და ცხინვალში გამართა შეხვედრები.


ეუთოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ”ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვის და მუშაობის ზომიერი ტემპის საჭიროებას”, ნათქვამია ეუთოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.


მან ასევე აღნიშნა, რომ ეუთო ”დიდი ინტერესეით” მიადევნებს თვალს ახალი სახელმწიფო კომისიის საქმიანობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობს.


კომისიის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ სტატუსზე მოლაპარაკებები აწარმოოს ყველა მხარესთან. ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ უარი თქვა კომისიის საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხოლო სამხრეთ ოსეთის დროებითმა ადმინისტრაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მზადყოფნა გამოხატა კომისიასთან თანამშრომლობაზე.


ხოსე ბორელ ფონტელესმა ასევე განაცხადა, რომ ეუთოს სურს იხილოს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით აღებული ვალდებულებები სრულდება.


ამავე დროს, იგი მიესალმა საქართველოს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებების არსებული მექანიზმების ეფექტურ ფუნქციონირებაში.


”თბილისში დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა დადებითი ნაბიჯია. ჩვენ მივესალმებით, რომ არსებობს მზადყოფნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და მხარეებს შორის დიალოგის დამყარებისთვის. თუმცა, კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის და ერთობლივი საპოლიციო ზომების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილები კვლავ შესასრულებელია,” – განაცხადა ხოსე ბორელ ფონტელესმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button