ახალი ამბები

რუსული მხარე სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელ კომისიაში ჩართვისაგან თავს იკავებს

რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო ვარაუდობს, რომ რუსული მხარე ალბათ არ ჩაერთვება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი კომისიის მუშაობაში.


რუსეთისადმი ეს შეთავაზება თბილისმა 24 ივლისს კომისიის პირველივე სხდომაზე გაახმოვანა.


”ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი მიიღებს ამაში მონაწილეობას. რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ორი მხარის თანხმობა. ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება მოგვარდეს კონფლიქტის ორი მხარის თანხმობის პირობებში,”- განუცხადა კოვალენკომ ჟურნალისტებს 25 ივლისს.   


მან ამის შესახებ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან საქართველოში აკრედიტებულ ეუთოს ქვეყნების ელჩების შეხვედრის შემდეგ გააკეთა კომენტარი.


დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარე რაღაც ეტაპზე პოზიციას შეიცვლის და შეუერთდება კომისიის მუშაობას.


ქართულმა მხარემ უკვე შესთავაზა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე გაუსვა ხაზი სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობას.

”ჩემი ერთ-ერთი ამოცანა იქნება პირდაპირი დიალოგის შენარჩუნება და კიდევ უფრო განვითარება,”- განაცხადა ბაქრაძემ. 


თბილისის სურვილია ასევე კომისიის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირმა.


ამ დღეებში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიტერ სემნების საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში სავარაუდოდ, ამ საკითხზეც იმსჯელებენ.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button