skip to content
ახალი ამბები

იური პოპოვი სამხრეთ ოსეთზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, შერეული საკონტროლო კომისიის რუსული მხარის თანათავმჯდომარე იური პოპოვი არ გამორიცხავს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის მონაწილეობას შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში.


თუმცა, იგი გამორიცხავს სანაკოევის მონაწილეობას კონფლიქტის დამოუკიდებელ მხარედ.


”თეორიულად ეს [სანაკოევის ჩართვა შსკ-ს მუშაობაში] შესაძლებელია,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” პოპოვის სიტყვებზე დაყრდნობით 20 ივლისს.  ”თუმცა, მიუხედავად ქართული მცდელობებისა ის მხარედ წარმოაჩინონ, იგი მაინც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია”.


”სანაკოევმა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა იმ ტერიტორიიდან, სადაც საქართველოს სუვერენიტეტი ვრცელდება, შეიძლება მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში ამ რანგში, თუმცა მგონია, რომ ეს ცინიკური იქნებოდა,”- დასძენს პოპოვი.


20 ივლისს მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრისას პოპოვმა ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში საპოლიციო ძალების ”გაუმართლებელ ზრდაში” დაადადაშაულა. 


”შეიარაღებული პირების რაოდენობა მოთხოვნასთან არაპროპორციულად იზრდება. ეს ბუნებრივია ანერვიულებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას და დესტაბილიზაციას იწვევს რეგიონში,” – განაცხადა პოპოვმა.


მან ასევე დასძინა, რომ ქართული მხარის ამგვარი ქმედებები სამხრეთ ოსურ მხარეს ”ნაჩქარევი და ზოგჯერ არაადექვატური ქმედებებისკენ” უბიძგებს.


პოპოვის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, რუსული მხარე არ გამორიცხავს არსებული 500-კაციანი სამშვიდობო კონტიგენტის დამატებით 300 ჯარისკაცით გაზრდას. თუმცა, მისი თქმით, ამჟამად ამის საჭიროება არ არსებობს, რადგანაც ”ამ ეტაპზე ჩვენი სამშვიდობოები საკუთარი ძალებით წარმატებით ართმევენ თავს” დაკისრებულ მოვალეობებს.


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების ფარგლებში რუსული, ჩრდილოეთ ოსური და ქართული მხარეებიდან 500-500 სამშვიდობოა განლაგებული.


”არსებობს შეთანხმებული რეზერვი და ჩვენ შეგვიძლია  გავზარდოთ კონტიგენტი 900 კაცამდე – 300 ადამიანით თითოეულ მხარეს,”- იუწყება 20 ივლისს ”რია ნოვოსტი” იური პოპოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


პოპოვის თქმით, ბოლო დროს შეინიშნება ტენდენცია, როცა ქართული სამშვიდობო ბატალიონი სულ უფრო ნაკლებად ემორჩილება შერეულ სარდლობას და უშუალოდ თბილისური ხელმძღვანელობის მითითებებს ასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button