skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტები ახალი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნას გამოეხმაურნენ

ცხინვალსა და სოხუმში აცხადებენ, რომ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს ახალ სახელმწიფო მინისტრად დავით ბაქრაძის დანიშვნა დადებითად არ იმოქმედებს კონფლიქტების მოგვარების პროცესზე, თუ თბილისმა თავად პოლიტიკა არ შეიცვალა.


”საქართველოში სახელმწიფო მინისტრების შეცვლა კი არ არის საჭირო, არამედ პოლიტიკის, კრიტერიუმების და მიდგომებისა არსებული პრობლემების მოგვარების მიმართ. სახელმწიფო მინისტრის შეცვლა კი მხოლოდ სისუსტეზე მიუთითებს ამ მიმართულებით,”- იუწყება 20 ივლისს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო საგანგებო დავალებათა მინისტრის ბორის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით. 


იმავდროულად, ჩოჩიევი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი სახელმწიფო მინისტრი ”კონსტრუქციულ მიდგომებს” გამოავლენს.


აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, კონფლიქტების საკითხებზე მთავარი მომლაპარაკებლების ხშირი საკადრო ცვლა ”დადებითად არ იმოქმედებს”.


”მაგრამ დღეს [მოლაპარაკებათა] პროცესი სრული უძრაობის მდგომარეობაშია, ამიტომაც ამ მომენტში ეს [საკადრო ცვლილება] პრინციპული არ არის,”- იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის ვებ-გვერდი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.


ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სახელმწიფო მინისტრის პოსტზე 19 ივლისს დაინიშნა. მან მერაბ ანთაძე შეცვალა, რომელმაც თავის მხრივ, გასული წლის ივლისში ჩაანაცვლა  სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე გოგა ხაინდრავა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button