ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში ”უნდა ვიმოქმედოთ სიფრთხილით, თუმცა თამამად”

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრაზე მოლაპარაკებები, რომელიც დიმიტრი სანაკოევის დროებით ადმინისტრაციასთან წარიმართება, იქნება ”სერიოზული” და არა ”ფორმალური” ხასიათის.


”იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორები მოლაპარაკებების მეორე მხრიდან ეს არ არის ხალხი, რომელთანაც ჩვენ არასერიოზული მოპყრობა გვმართებს. ეს არის სერიოზული ხალხი, სერიოზული ლიდერები, სერიოზული წარმომადგენლები საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილის – ეთნიკური ოსების დიდი ნაწილის,”- განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა. 


პრეზიდენტმა მთავრობის ყველა წევრს მოუწოდა აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შექმნილ სახელმწიფო კომისიის მუშაობაში. კომისიაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი უხელმძღვანელებს, ყველა მინისტრი, ცალკეული დეპუტატები და ასევე დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები შევლენ.  

მისი თქმით, ამ საქმეში ”ყოველდღიური კოორდინაციაა” საჭირო, რადგან ”უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული დროის ჩარჩო არსებობს და ყველამ უნდა ვიმუშაოთ დღე და ღამე”.

”ახლა მიდის ბრძოლა ადამიანების განწყობისთვის და მათი გულების მოსაგებად. თან ბრძოლა ბევრად უფრო მდიდარ და არცთუ ისე მოქნილ მექანიზმებს, რომელთაც მართლა არ ესმით ფუნდამენტურად ადგილობრივი პრობლემები და საქართველოს შორის, რომელიც არის სახელმწიფო ქართველების, ოსების, სომხების, აზერბაიჯანელების და ყველა სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანის, რომელიც ჩვენთვის ყველანი სახელმწიფოებრივად ქართველები და ყველაზე ძვირფასი მოქალაქეები არიან,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, ცხინვალის რეგიონის საკითხს საქართველოს უნდა მიუდგეს ”ერთდროულად  – სიფრთხილით, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან თამამად”.


”მე მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მართლა აღვადგინოთ კავშირი [ცხინვალის რეგიონის] ყველა სოფელს, ყველა თემს და ყველა ადამიანს და საქართველოს სახელმწიფოსა და მისი საზოგადოების მნიშვნელოვან, ძალიან ძვირფას ნაწილს შორის,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო უნდა იყოს უფრო მეტად აქტიური და არა მუდმივად ”რეაგირების მდგომარეობაში”.


”მე ვფიქრობ, რომ კონფლიქტების დარეგულირების პრობლემები ბევრად უფრო ინტენსიური, ქმედითი უნდა იყოს, ბევრად უფრო მეტად უნდა მოხდეს კიდევ ჩაბმა საერთაშორისო თანამეგობრობის, ვიდრე ეს დღეს არის და ბევრად უფრო პროაქტიური უნდა იყოს საქართველოს მთავრობა  – ჩვენ გვაქვს წარმატებები ცხინვალის რეგიონში, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა კონფლიქტთან მიმართებაში. აქ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო,”- განაცხადა პრეზიდენტმა.


მან ასევე მოუწოდა ყველას, მათ შორის მთავრობის ზოგიერთ წევრსაც, ამოშალონ თავიანთი ლექსიკონიდან ტერმინები ”ოსური მხარე და ქართული მხარე”, რადგან ”ჩვენთვის ყველანი ისინი ერთნი არიან”.


”და ოსური მხარე თუკი არსებობს, ეს მხარე არის დროებითი ადმინისტრაცია, რომელიც ეფუძნება ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს და რასაც ზოგიერთი უმეცრებით ეძახის ოსურ მხარეს, იქ [ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაში] ეთნიკურად ოსური მოსახლეობა არის ძალიან ნაკლებად წარმოდგენილი…  ძალიან კარგად იცით საიდან არის ის ხალხი ჩამოყვანილი… იქ შეიძლება ზოგიერთს ოსური გვარი ჰქონდეს, მაგრამ ოს ხალხთან საერთოდ არანაირ კავშირში არ არიან,”- განაცხადა პრეზიდენტმა.


იგი ასევე მიესალმა კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და განაცხადა, რომ ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება.

”ყველაფერი, რაც საჭიროა, დაფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან სათანადო დონეზე,”- დასძინა სააკაშვილმა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button