skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილს სასამართლოში მედიის შეზღუდვაზე ვეტოს დადებას სთხოვენ

ჟურნალისტების ჯგუფმა მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს ვეტო დაადოს კანონს, რომელიც მედიის მიერ სასამართლოს შენობასა და სხდომათა დარბაზებში ვიდეო, ფოტო და კინო გადაღებას კრძალავს.
 
პარლამენტმა შესაბამისი კანონი 11 ივლისს 117 ხმით 18-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით დაამტკიცა. პრეზიდენტს კანონისთვის ჯერ ხელი არ მოუწერია.


”1997 წელს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ”საერთო სასამართლოების შესახებ”, რომლითაც სასამართლო სხდომაზე დაიშვა კინო, ფოტო, აუდიო და ვიდეოგადაღება, თქვენ [პრეზიდენტი სააკაშვილი] საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებობით. თქვენ იყავით სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ხშირად საზოგადოებას უჩვენებდით საჯაროობისა და საზოგადოების ინტერესების დაცვის მაგალითებს,” – ნათქვამია პრეზიდენტისთვის გაგზავნილ ღია წერილში.


წერილს ძირითადად გაზეთ ”რეზონანსის” ჟურნალისტები აწერენ ხელს. თუმცა, მისი ხელმოწერა სხვებსაც შეუძლიათ.


”მოგმართავთ თხოვნით, რომ კიდევ ერთხელ დაიცვათ მონაპოვარი, რომელშიც სხვა დემოკრატიულ ძალებთან ერთად თქვენც ლომის წილი მიგიძღვით და ვეტო დაადოთ ცვლილებებს კანონში ”საერთო სასამართლოების შესახებ”. ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურებთ დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას და დაიცავთ უმთავრეს ღირებულებას – გამოხატვის თავისუფლებას,” – ნათქვამია წერილში. 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button