
’ნეგატიურად’ ფასდება რუსეთის მიერ CFE-ის შეჩერება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (CFE) ხელშეკრულების შეჩერების შესახებ სავარაუდოდ, გავლენას ვეღარ მოახდენს საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის პროცესზე, თუმცა შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას რეგიონის უსაფრთხოებას, აცხადებენ ქართველი ექსპერტები.
”სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის” დირექტორი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარაშვილი ”საფუძველს მოკლებულ პროპაგანდად” აფასებს პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ეს ”უაღრესად ნეგატიურად” აისახება მთელს იმ სივრცეზე და მათ შორის სამხრეთ კავკასიაზეც, სადაც ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიმიტები და შეიარაღების შესაბამისი კონტროლის მექანიზმები ვრცელდება.
”თუ რუსეთი ხელშეკრულების შეჩერებასთან ერთად ფაქტობრივად შეწყვეტს შესაბამის ვალდებულებათა შესრულებას, ეს გამოიწვევს სიტუაციის გაუარესებას – განსაკუთრებით, მგძნობიარე სასაზღვრო რეგიონებში, სადაც არსებობს შეიარაღების კონცენტრაციისა და ფეთქებადსაშიში სიტუაციის შექმნის საფრთხე,”- განუცხადა 14 ივლისს ”სივილ ჯორჯიას” ირაკლი მენაღარაშვილმა.
მისი თქმით, შეიარაღების კონტროლის მექანიზმის მოშლამ და ”როგორც ჩანს, სწორედ ამისკენ მიისწრაფვის საბოლოოდ რუსეთი”, შეიძლება უმართავი გახადოს პროცესები.
”ეს არ იქონიებს გავლენას საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის უკვე თითქმის დასრულებულ პროცესზე, რაც ასევე ამ ხელშეკრულების ნაწილია და ამას საერთაშორისო დოკუმენტებში რუსეთი თავადაც აღიარებს. ამდენად, ჩვენ ნაკლები საფუძველი გვაქვს ამ მხრივ რუსეთს ვუსაყვედუროთ, მაგრამ ეს გავლენას მოახდენს მოლდოვადან ანალოგიურ პროცესის დაწყებაზე, რაზეც რუსეთი აქამდე ჯიუტად უარს ამბობს,”- აცხადებს მენაღარაშვილი.
მოსკოვის ძირითადი არგუმენტი CFE-ის შეჩერებასთან დაკავშირებით უკავშირდება იმას, რომ ძირითადად ნატოს წევრი სახელმწიფოები უარს აცხადებენ ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტის რატიფიცირებაზე იმ მოტივით, რომ რუსეთს სრულად არ შეუსრულებია 1999 წელს სტამბოლის ეუთოს სამიტზე აღებული ვალდებბულებები საქართველოდან და მოლდოვადან ბაზების გაყვანის თაობაზე. თუმცა ამ ვალდებულებებსა და ხელშეკრულებას შორის კავშირს რუსეთი უარყოფს.
”მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება არ იყო რატიფიცირებული რიგი ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი განუხრელად იცავდა მის მოთხოვნებს, განსხვავებით რუსეთისაგან, რომელმაც არაერთხელ დაარღვია ის, მათ შორის საფლანგო შეზღუდვები ჩეჩნეთის სამხედრო კამპანიის დროს,”- აცხადებს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.