skip to content
ახალი ამბები

ქართული მხარე ცხინვალის რეგიონში კვლავ წყლის დეფიციტზე საუბრობს

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ექვს ქართულ სოფელში კვლავ პრობლემად რჩება ადგილობრივი მოსახლეობის სარწყავი წლით მომარაგება, რადგან ოსური შეიარაღებული ჯგუფები ქართველ სპეციალისტებს არხების გაწმენდის საშუალებას არ აძლევენ, აცხადებს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 6 ივლისს.


”ცხინვალის რეჟიმი ხელოვნურად ბლოკავს რეგიონის ქართული სოფლების სარწყავი წლით უზრუნველყოფას და განაგრძობს ამ თემით ”პოლიტიკურ” მანიპულაციებს… კოკოითის რეჟიმმა ცხინვალსა და სოფელ გუჯაბაურში განათავსა შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც საშუალებას არ აძლევენ ქართველ სპეციალისტებს ჩაატარონ გაწმენდითი სამუშაოები”, – ნათქვამია განცხადებაში.


ქართული მხარე უმოქმედობაში ადანაშაულებს ასევე შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვს, რომელიც დახმარების ნაცვლად ”ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს”. 


კონფლიქტის ზონაში სარწყავი წყლის მიწოდება ცხინვალმა ”კეთილი ნების საფუძველზე” 3 ივლისს განაახლა. ამ გადაწყვეტილების პარალელურად ადგილობრივი ქართული სოფლების მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავდა. მათ ცხინვალისკენ მიმავალი გზის ბლოკირება წყალმომარაგების აღდგენის შემდეგ შეწყვიტეს.


წყლის პრობლემა რეგიონში ივნისის დასაწყისში დაიწყო, როცა ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სარწყავი წყლის მიწოდება შეუწყვიტა ქართულ სოფლებს ცხინვალისთვის სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტის საპასუხოდ.


თბილისის განცხადებით, ცხინვალისთვის სასმელი წყლის მიწოდება ივნისის შუა რიცხვებში აღდგა. თუმცა ცხინვალში აცხადებენ, რომ ქალაქის წყლით მომარაგება კვლავ დეფიციტურია. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button