ახალი ამბები

ჩეხურ კომპანიას ენერგოობიექტები ოფიციალურად გადაეცა

ჩეხური კომპანია Energo-Pro -ს საკუთრებაში დღეიდან ოფიციალურად გადავიდა”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის”, ”აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” და ექვსი ჰიდროელექტროსადგურის (ლაჯანურჰესი, რიონჰესი, გუმათჰესის კასკადი, შაორჰესი, აწჰესის და ძევრულჰესი) აქტივები, რაც ქვეყნის ენერგობაზრის 62,5%-ს შეადგენს.


ამ ფაქტისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე, სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური და Energo-Pro-ს დირექტორთა საბჭოს წევრი ირჟი კურშინა დაესწრნენ.


მხარეებმა 132 მლნ აშშ დოლარიან ნასყიდობის ხელშეკრულებას თებერვალში მოაწერეს ხელი.


Energo-Pro-ს მფლობელობაში გადავიდა 350 მგვტ-ზე მეტი ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრე და ელექტროდისტრიბუციის ქსელი, რომელიც ფარავს საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე მეტს.

სამი წლის განმავლობაში Energo-Pro 85 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ჰესების რეაბილიტაციაში; წელიწადში 15 მლნ დოლარს კი დისტრიბუციის მოდერნიზაციაში.


გიორგი არველაძის განცხადებით, კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია მთლიანობაში 417 მლნ დოლარს მიაღწევს.


ჩეხური კომპანია, შეთანხმების თანახმად, ასევე იღებს ვალდებულებას 100 მგვტ სიმძლავრის ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენების თაობაზე და ამ პროექტში 100 მილიონი აშშ დოლარის ჩადებას გეგმავს.


”უახლოეს მომავალში დაიწყება მოლაპარაკებები, თუ კონკრეტულად სად უნდა აშენდეს ახალი სადგური,”- განაცხადა დღეს ნიკა გილაურმა.



  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button