ახალი ამბები

პრეზიდენტმა საპარლამენტო ოპოზიცია გააკრიტიკა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”ამაზრზენი გარჩევა” უწოდა პარლამენტში 3 ივლისს გამართულ დებატებს, რომელიც სამართალდამცავების მიერ კორუფციაში ეჭვმიტანილი ჩინოვნიკების საჯარო დაკავების ფორმებს ეხებოდა.


”ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმ ხალხით, რომელიც ამ საქმეს ემსახურება,”- განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ”პარლამენტში მათ დასცინოდნენ”.


”მსურს ამ ადამიანებს ვუთხრა – კორუმპირებულს გამოვავლენთ, ქურდს ჩასვამთ ციხეში, ხოლო ფულს დავუბრუნებთ ხალხს. ხელისუფლებაში ამ ლოზუნგებით მოვედით,”- დასძინა მან.


პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციურმა ფრაქციებმა და მათ შორის მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდნენ ”ახალი მემარჯვენეები”, დაგმეს ის მეთოდები, რომელსაც ბოლო დროს სამართალდამცავები იყენებენ თათბირებზე ჩინოვნიკების ტელეკამერების თანდასწრებით დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა ქუთაისის მერიის თანამდებობის პირების დაკავებას უკავშირდებოდა.


პრეზიდენტის განცხადებით, საკრებულოს ბოლო არჩევნებზე ”ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა” მათ, ვინც პარლამენტში ”ბევრი იხმაურა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით”.


”ამ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქ [საკრებულოში] პრაქტიკულად არ არიან წარმოდგენილი და ვფიქრობ ასე იქნება მანამ, სანამ ეს ხალხი არ მიხვდება, რომ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე კლანური, ოჯახური, მეგობრული, ნათესაური, ან სხვა რაიმე ტიპის სოლიდარობა და პასუხისმგებლობა,”- განაცხადა პრეზიდენტმა 4 ივლისს თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტის განცხადებას დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე. მისი თქმით, ქვეყანაში კორუფციასთან ”მოჩვენებითი ბრძოლა” მიმდინარეობს.

”თუ შეუძლია და უნდა [პრეზიდენტს] კორუფციასთან ბრძოლა, დააპატიმროს ქართული კორუფციის ისეთი ბობოლები, როგორიც არის [განათლების მინისტრი კახა] ლომაია და [თბილისის მერი გიგი] უგულავა, რომლის კორუფციის მასშტაბები ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს,”- განაცხადა დავით გამყრელიძემ.


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button