თბილისი მოსკოვს სეპარატიზმის ღია მხარდაჭერაში ადანაშაულებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ”სამწუხარო ფაქტს” უწოდებს მოსკოვში 29 ივნისს ე.წ სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრის ფაქტს და აღნიშნავს, რომ რუსეთის მხარე აგრძელებს სეპარატიზმის ღია მხარდაჭერას.
ოფიციალური თბილისის განცხადებით, ”კონტრპროდუქტიულია” რუსეთის მხრიდან საქართველოს დადანაშაულება ცხინვალის რეგიონში სიტუაციის დაძაბვის გამო, ”იმ დროს, როდესაც ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებასთან ულტიმატუმების ენით საუბრობს, გამიზნულად იყენებს რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას საკუთარი რეჟიმის გადასარჩენად, იქ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ხარჯზე”.
”რუსეთის მხარის დიპლომატიური ნაბიჯები და ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს არა კრიმინალური სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერისაკენ, არამედ მის მეზობელ სახელმწიფოსთან, საქართველოსთან პარტნიორული, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დამყარებული, შედეგებზე ორიენტირებული ურთიერთობების განვითარებისკენ,”- აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო 29 ივნისს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)