ახალი ამბები

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო მაჰმადიან მესხთა რეპატრიაციაზე კანონპროექტი

დეპუტატებმა მეორე მოსმენით 101 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი კანონპროექტს მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პროცესის დაწყების თაობაზე, რომელიც  2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გაგრძელდება.


მეორე მოსმენისათვის კანონპროექტს დაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც რეპატრიანტებმა უნდა შეავსონ ქონებრივი დეკლარაცია, რათა შესაძლებელი გახდეს მათი ქონებრივი მდგომარეობის დინამიკაზე დაკვირვება. ეს დამატება კანონპროექტში ფრაქცია მრეწველების წინადადებით შევიდა.


კანონპროექტის განხილვის დროს რესპუბლიკელმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ კანონი დაბრუნებისთვის მკაცრ მოთხოვნებს უყენებს მე-20 საუკუნის 40-იან წლებში დეპორტირებულ მაჰმადიან მესხებს და მოუწოდეს მმართველ პარტიას მკაფიოდ დაეფიქსირებინათ პოზიცია ამ საკითხზე.


”ჩვენ რესპუბლიკელები ვუჭერთ ამ საკითხს მხარს, კონსერვატორები წინააღმდეგნი არიან. მაგრამ ხელისუფლება, ერთი მხრივ, დეკლარირებს ამ კანონის მიღების საჭიროებას და მეორეს მხრივ არადეკლარირებულად ქმნის  მექანიზმებს არა დაბრუნების, არამედ არ დაბრუნების შესახებ,”- განაცხადა პარლამენტის სხდომაზე 27 ივნისს რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა.


”ნაციონალური მოძრაობის პოზიცია არის მკაფიო – ჩვენ პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით უნდა შევუქმნათ შესაძლებლობა ამ ხალხს, რომ მოგვმართონ და მათმა ნაწილმა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და გახდეს ამ ქვეყნის ნაწილი. მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს კონტროლის მექანიზმები,  რათა თავიდან ავიცილოთ საფრთხე,”- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გიგა ბოკერიამ.


მისი განცხადებით, მთავრობა პრობლემებს არ შეუქმნის ”ლეგიტიმურ რეპატრიანტებს”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button