skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოს გარანტირებული ენერგოუსაფრთხოება აქვს

საქართველომ ”არ უნდა ინერვიულოს ”, რადგანაც მას უკვე გარანტირებული აქვს ”თავისი წილი ენერგოუსაფრთხოება”, განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს 26 ივნისს სტამბოლში.


სტამბოლში BSEC-ის ლიდერთა სამიტი გაიმართა, სადაც ძირითადი ყურადღება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე გამახვილდა.


სააკაშვილის თქმით, საქართველო უკვე იღებს გაზს აზერბაიჯანიდან და იმედებს ამყარებს ტრანსკასპიურ გაზსადენზე. ამ პროექტის  განხორციელების შემთხვევაში მოხდება ცენტრალური აზიის ენერგომატარებლების ტრანსპორტირება საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით ევროპაში.


საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი ათი წლის წინ ”არარეალური” ჩანდა, თუმცა ის ამუშავდა და იგივე მოხდება ტრანს-კასპიური გაზსადენის პროექტთან მიმართებაშიც.


”ჩვენ ჩვენი პრობლემა გადაწყვეტილი გვაქვს. ახლა ჩვენ ვეხმარებით ევროპას, რომ გადაწყვიტოს ევროპის პრობლემა [გაზის მოწოდების დივერსიფიკაციის გზით]; ეს, რა თქმა უნდა, გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას,” – განაცხადა სააკაშვილმა.


ამჟამად, საქართველო ყოველდღიურად აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია ”აზერგაზიდან” 1.2 მილიონ კუბურ მეტრ გაზს იღებს 120 აშშ დოლარად 1000 კუბურ მეტრზე. საქართველო ასევე იღებს გაზს შაჰ-დენიზის გაზსადენიდან. თუმცა, მისთვის საჭირო რაოდენობის ნახევარზე მეტს საქართველო მაინც რუსეთიდან იღებს 235 აშშ დოლარად 1000 კუბურ მეტრზე.   


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button