skip to content
ახალი ამბები

სანაკოევი ბრიუსელს სტუმრობს

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი 23 ივნისს სამდღიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის რიგით მე-9 სხდომაზე.


სანაკოევი 26 ივნისს დაგეგმილ სხდომაზე ოსურად ისაუბრებს კონფლიქტის დარეგულირების ხედვაზე და წარადგენს რეკომენდაციებს ერთიანი საქართველოს ფარგლებში რეგიონის ავტონომიური სტატუსის შესახებ.


22 ივნისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას სანაკოევმა განაცხადა, რომ იგი ევროპარლამენტის წევრმა საფრანგეთიდან მარი-ან ისლერ ბეგინმა და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარემ, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ მიიწვიეს.


”ეს ვიზიტი იქნება შემობრუნების წერტილი კონფლიქტის მოგვარების საქმეში,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ. 


დიმიტრი სანაკოევმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უცხოელ ჟურნალისტებთან.


”მინდა აღვნიშნო, რომ პირველად ევროპარლამენტის ისტორიაში ჩვენ მოხსენებას ოსურ ენაზე წავიკითხავთ. ჩვენ ვაპირებთ მოხსენებაში მოვუწოდოთ ევროკავშირს უფრო აქტიური თანამშრომლობისაკენ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოსაგვარებლად. ასევე მოვუყვებით კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე, ჩვენი ადმინისტრაციის მუშაობის გეგმებზე, რომელიც მიმართულია ეკონომიკის აღორძინებაზე და ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენისკენ. ჩვენ ვაპირებთ ვთხოვოთ ევროკავშირს, რომ ჩაერთოს იმ პროექტების დაფინანსებაში, რომელიც ეხება ეკონომიკურ რეაბილიტაციას,”- განაცხადა სანაკოევმა.


ბრიუსელში სანაკოევი საქართველოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის მომავალ სტატუსზეც ისაუბრებს. 


”ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ ევროპული გამოცდილების გამოყენების მნიშვნელობა სამხრეთ ოსეთისთვის მომავალი ავტონომიური მოდელის მომზადებისთვის საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში. ჩვენი აზრით, ახალი ავტონომია სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს ოსური ენის, კულტურის და  ადამიანის უფლებების შენარჩუნებისა და განვითარების თვალსაზრისით,”- განაცხადა სანაკოევმა.


”ეს არის ჩვენი პასუხი ყველა იმ განცხადებაზე, რომ თითქოს არც სამთავრობო და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს არ სურთ ჩვენთან მუშაობა. ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ ადმინისტრაციას სურვილი აქვს და მზადაა ითანამშრომლოს ევროკავშირისა და ევროპარლამენტის სტრუქტურებთან,” – განაცხადა სანაკოევმა. 


21 ივნისს ტელეკომპანია ”იმედთან” საუბრისას სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ ”არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ სურს ითანამშრომლოს” სანაკოევის ადმინისტრაციასთან.


საქართველოს ყველა საპარლამენტო ძალამ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ”ძალიან მნიშვნელოვანი” უწოდა. ითქვა ისიც, რომ ამ შანსის გამოყენება კარგად უნდა მოხდეს. 


”ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება და ჩვენ უნდა დავარწმუნოთ საერთაშორისო საზოგადოება მოლაპარაკებები გამართოს სანაკოევთან და არა კოკოითთან,” – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ.


”ეს დამატებით პოლიტიკურ წონას მიანიჭებს სანაკოევს, ეს დანამდვილებით ასეა,” – განაცხადა დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან. 



 


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button