skip to content
ახალი ამბები

მაჰმადიან მესხებზე ნეგატიური საუბრის გამო დეპუტატი გააკრიტიკეს

ოპოზიციონერი დეპუტატი კონსერვატიული პარტიიდან ბეჟან გუნავა ეთნიკური შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მან 21 ივნისს მაჰმადიან მესხებზე უარყოფითად ისაუბრა.


”ეს ადამიანები ხოცავდნენ მექორწილეებს და მარხავდნენ, ეს ადამიანები ხოცავდნენ აკვნებში ჩვილ ბავშვებს, ეს ადამიანები დევნიდნენ სოფელს და სოფელი გარბოდა და ტყეში იყო შეხიზნული და ერთმა სოფელმა სამჯერ გამოიცვალა ადგილმდებარეობა, ეს ადამიანები, როდესაც წყალს სვამდნენ მაშინ ამბობდნენ, რომ ნეტავ ასე ქართველების სისხლი დაგვალევინაო. და დღეს თქვენ მეუბნევით და მიმტკიცებთ, რომ ეს ადამიანები არიან ქართველები?” – მიმართა გუნავამ დეპუტატებს საკომიტეტო მოსმენაზე 21 ივნისს.


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს იმ კანონპროექტს იხილავდა, რომელიც მომავალი წლიდან მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის  დაწყებას ითვალისწინებს.


”ამგვარი განცხადების გაკეთება არის ეთნიკური შუღლის გაღვივება და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება,” – განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობიდან.


”ეს ისტერია [კონსერვატიული პარტიის] არის, საუკეთესო შემთხვევაში, უცოდინრობა და პოლიტიკური უვიცობა, ხოლო უარეს შემთხვევაში, მიზანმიმართული პროვოკაცია,” – დასძინა მან.


”ძალიან შეურაცხმყოფელი გამოსვლები იყო კონსერვატორების მხრიდან,” – განაცხადა ისო მოლიძემ, რომელიც საქართველოში უკვე დაბრუნებულ მაჰმადიან მესხთა ერთ-ერთი წარმომადგენელია. 


მისი თქმით, კერძო საუბრებში დეპუტატები კონსერვატიული პარტიიდან აღნიშნავენ, რომ ისინი არ არიან რეპატრიაციის წინააღმდეგ; ”თუმცა, ამბობენ, რომ იძულებული არიან გააკეთონ რეპატრიაციის საწინააღმდეგო განცხადებები, რადგანაც მათ პრობლემა აქვთ მთავრობასთან და კერძოდ, გიგა ბოკერიასთან”.


კონსერვატიული პარტია მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის  კატეგორიული წინააღმდეგია. სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის ახალ მემარჯვენეებს და მრეწველებს, უფრო ზომიერი პოზიცია უკავიათ.  


ოპოზიციური რესპუბლიკური პარტია რეპატრიაციას მხარს უჭერს. თუმცა, ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებს, რომ ვერ შეძლეს საზოგადოების სათანადო ინფორმირება მხარდაჭერის მოპოვების მიზნით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button