skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე ოპოზიციონერ დეპუტატებთან მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხს განიხილავს

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან გასული საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან გადასახლებული მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის შესახებ კანონპროექტს დახურულ კარს მიღმა განიხილავს.


კანონპროექტი, რომელიც ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად მოამზადა მმართველმა პარტიამ, მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პროცესის დაწყებას 2008-2009 წლებში ითვალისწინებს. ეს ვალდებულება საქართველომ 2011 წლამდე უნდა შეასრულოს.


თუმცა ოპოზიცია კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღების წინააღმდეგია.


კონსერვატორები საკითხის გადადებას მოითხოვენ, ”მინიმუმ მანამდე, სანამ არ იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა მოგვარებული თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში [აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში] დაბრუნების შესახებ,”- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


”წარმოდგენილი სახით ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის სასარგებლოდ მართლაც დიდი უფლებამოსილებაა დატოვებული, მთავრობას მართლაც შეუძლია მართოს ეს პროცესი. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკმაოდ ნაჩქარევად არის ეს პროცესი წარმართული,”- განუცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე.


ოპოზიციას აინტერესებს რეპატრიანტთა პოტენციური რაოდენობა, სად განსახლდებიან და რა სოციალურ პირობებს სთავაზობს მათ ხელისუფლება.


კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო არანაირ ფინანსურ და ქონებრივ ვალდებულებას არ იღებს 20 ათასი გადასახლებული ოჯახის წევრებისა და მათი შთამომავლების მიმართ და არ უზრუნველყოფს მათ კომპაქტურ დასახლებას. რაც შეეხება რაოდენობას, ეს ციფრი მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც რეპატრიაციის მსურველები 2008-2009 წლებში საგანგებო განაცხადით მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც განაცხადებს თანხმობას ან უარს რეპატრიაციაზე.  


კანონპროექტს 21 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button