skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი ეუთოს მუდმივ საბჭოზე გამოსვლაში სანაკოევზე საუბრობს

დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნა სამხრეთ ოსეთში ”ახალი რეალობის სიმბოლოს” წარმოადგენს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 14 ივნისს ეუთოს მუდმივ საბჭოზე გამოსვლისას.


”ეს როგორც ოსური, ისე ქართული მოსახლეობის სურვილს ასახავს,” – განაცხადა მან.


სანაკოევის ადმინისტრაციაზე საუბრისას, ბეჟუაშვილმა ამჯობინა ეს სტრუქტურა მოეხსენიებინა, როგორც მოძრაობა ”სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისთვის”. მოძრაობა სანაკოევმა დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნამდე ჩამოაყალიბა.


”ეს მოძრაობა, რომელზეც ახლა საუბარია, მზად არის კონსტრუქციულად ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში, რათა მიაღწიოს სასიცოცხლო და გრძელვადიან მოგვარებას,” – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


მან ასევე განაცხადა, რომ თბილისმა შესთავაზა ყველა თავის პარტნიორს, მათ შორის რუსეთს, მონაწილეობა მიიღონ კონსტრუქციულ დიალოგში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით.


”გვინდა ვთხოვოთ ეუთოს, ევროკავშირს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს კატეგორიული გზავნილით მიმართოთ ცხინვალის რეგიონს – სეპერატისტებს – რომ ერთადერთი გამოსავალი არის კონსტრუქციულ, შედეგებზე ორიენტირებულ დიალოგში ჩართვა,” – განაცხადა მან.


ბეჟუაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თბილისი მზად არის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს.


”ერთადერთი გზა ცხინვალის რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად არის იგივე გზა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის: ჩვენ ვპირდებით მათ თავისუფლებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ცხოვრების პირობებს და ადამიანის უფლებათა დაცვას,”  – განაცხადა მან.


თავის გამოსვლაში ბეჟუაშვილი მიესალმა ეუთოს, როგორც ”მთავარ პარტნიორს”, საქართველოში სტაბილურობის დამყარების საქმეში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button