ახალი ამბები

სააკაშვილი პუტინს პირისპირ შეხვდა

სანკტ-პეტერბურგში, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ დსთ-ს არაფორმალური  სამიტის ფარგლებში მისი ქართველი კოლეგის ორდღიანი მუშაობა ”საინტერესო და სასარგებლო” იქნება; პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მწვავე საკითხებში მხარეები მოახერხებენ წინ წაწევას.


ორივე პრეზიდენტი შეეხო ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის თემატიკას.


”ძვირფასო მიხეილ ნიკოლაევიჩ, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. ვიმედოვნებ, რომ ორი დღის განმავლობაში აქ თქვენი მუშაობა იქნება საინტერესო და სასარგებლო,”- განაცხადა პუტინმა შეხვედრის გამხსნელ, ღია ნაწილში.


მან მიანიშნა, დაახლოებით, 2-საათიან ენერგო დეფიციტზე, რომელსაც 8 ივნისს საღამოს გადამცემი ხაზისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზით ჰქონდა ადგილი საქართველოში.


”ვიცი, რომ ახლა სამწუხაროდ თბილისში არის ელექტრომომარაგების პრობლემები. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ენერგეტიკოსები რაც შეიძლება მალე მოაგვარებენ ყველა ამ პრობლემას,”- განაცხადა პუტინმა.


მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა თავის რუს კოლეგას, რომ ძალიან მოხარულია მასთან შეხვედრით, რადგან ” დაგროვდა საინტერესო და მათ შორის, მწვავე საკითხები ორმხრივ ურთიერთობებში”.


”ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს თქვენს გამონათქვამებს და პოზიციებს დიდი რვიანი შეხვედრაზე და წამყვან სამიტებზე, რომელიც ჩატარდა. ბუნებრივია, რომ საქართველო არა მხოლოდ მზად არის, არამედ ვალდებულია აწარმოოს დიალოგი რუსეთთან. ჩვენ არა მხოლოდ უნდა გვქონდეს ნორმალური ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ უნდა გვქონდეს ყველაზე მეგობრული და ახლო ურთიერთობები. ეს ყველაზე მთავარი პრინციპია ჩვენი სტრატეგიულ მიდგომაში რუსეთისადმი და მეგობრული ურთიერთობები უნდა ემყარებოდეს პატივისცემას,  ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას”, – განაცხადა სააკაშვილმა.


”და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი საკითხია, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია გადაწყვეტილებამდე მისვლა და წინ წაწევა,”- დასძინა მან.


საპასუხოდ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო, რომ ქართული მხარე ყურადღებას გაამახვილებდა კოსოვოს ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით.


”მე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ყურადღებას გაამახვილებდით ჩვენ პოზიციაზე საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების ირგვლივ მიმდინარე დიკუსიებში, პირველ რიგში ეს ეხება ბალკანეთს. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გამოვდიოდით ძირითადი პრინციპის – სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობიდან,”- განაცხადა პუტინმა.


”სამწუხაროდ, არის მცდელობები ეს ძირითადი პრინციპები იქნას უგულვებელყოფილი. ეს, რა თქმა უნდა, გვიქმნის პრობლემებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ვფიქრობ, რომ დღეს შევეხებით ამ საკითხებს საუბრის დროს და ხვალაც არაერთხელ დავუბრუნდებით ამ თემას და განვიხილავთ ამ პრობლემას,”- დასძინა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button