skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში და კოკოითი თბილისის შესაძლო აგრესიაზე, კოსოვოს ’პრეცედენტზე’ საუბრობენ

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა ედუარდ კოკოითმა და სერგეი ბაღაფშმა მოსკოვში დღეს გაავრცელეს მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, სადაც დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვენ. დე ფაქტო ლიდერები ასევე თბილისის აგრესიის შემთხვევაში ”ადეკვატურ პასუხებზე” საუბრობენ და ერთმანეთს დახმარებას აღუთქვამენ.


”სამხრეთ ოსეთსა ან აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, პასუხი იქნება ადეკვატური როგორც სამხრეთ ოსეთისგან, ისე აფხაზეთისგან,”- განაცხადა მოსკოვში მყოფმა ედუარდ კოკოითმა აფხაზ კოლეგასთან ერთად ”ინტერფაქსის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.


დე ფაქტო პრეზიდენტებმა პრესკონფერენციაზე ასევე გაავრცელეს მიმართვა გაეროს, დსთ-ს, ეუთოს და ევროპის საბჭოს მიმართ თხოვნით აღიარონ სოხუმის და ცხინვალის დამოუკიდებლობა, რომელთაც ”გაცილებით მეტი პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძველი აქვთ ამისთვის, ვიდრე კოსოვოს”.


სერგეი ბაღაფშის განცხადებით, იმის მიუხედავად ცნობენ თუ არა კოსოვოს დამოუკიდებლობას, ”მაინც დაჟინებით მოვითხოვთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებას, თუმცა კოსოვოს პრეცედენტი მეტ დამაჯერებლობას შეგვძენს”.


დე ფაქტო პრეზიდენტების განცხადებით, სერბეთიდან კოსოვოს გამოყოფა იმის დადასტურება იქნება, რომ ”ერთაშორისი კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს არ ეყრდნობა” და თვითგამორკვევის უფლების რეალიზაცია შესაძლოა კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი მშვიდობიანი გზა აღმოჩნდეს.


”მე მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას  – რაც მალე აღიარებს საქართველო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მით უფრო სწრაფად მოგვარდება სიტუაცია ჩვენს რეგიონში,”- განაცხადა კოკოითმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button