skip to content
ახალი ამბები

პუტინი: კოსოვო პრეცედენტი უნდა გახდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 1 ივნისს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კოსოვოს შემთხვევა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში არსებულ სხვა კონფლიქტებზეც უნდა გავრცელდეს.    


მოსკოვის მახლობლად მდებარე აგარაკზე დიდი რვიანის სახელმწიფოების ჟურნალისტებთან საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ ”არ არსებობს არგუმენტები იმის თაობაზე, რომ კოსოვოს შემთხვევა რამით განსხვავდება სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში შექმნილი სიტუაციისაგან”.


”ერთ შემთხვევაში დაინგრა იუგოსლავიის კომუნისტური იმპერია, მეორეში კი საბჭოთა კომუნისტური იმპერია. ერთ შემთხვევაშიც იყო ეთნიკური კონფლიქტი და სხვა დანარჩენ შემთხვევებშიც ეთნიკურ კონფლიქტებს ჰქონდა ადგილი. იქაც და იქაც იყო ომი და მსხვერპლი. იქაც და იქაც იყვნენ დამნაშავეები და ამ დამნაშავეების მსხვერპლნი. სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და დნესტრისპირეთი უკვე 15 წელია რაც თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევენ. არჩეულია პარლამენტები, პრეზიდენტები, მიღებულია კონსტიტუციები. არავითარი განსხვავება არ არის,”- განაცხადა პუტინმა.


”ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი ერთ პრინციპს ევროპის ერთ ნაწილში და სხვა პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ ევროპის სხვა ნაწილებში და უარი ვუთხრათ მცირე ერებს, ვთქვათ კავკასიაში თვითგამორკვევის შესახებ მათ უფლებაზე,”- დასძინა მან.


პუტინმა ასევე ღიად განაცხადა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობამ შესაძლოა ”ნეგატიური პროცესები” გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობასაც.


”ჩვენთვის რთული იქნება ავუხსნათ ჩრდილოეთ კავკასიის  მცირე ერებს, რატომ მიეცა ევროპის ერთ ნაწილში რომელიღაც ერს ამ უფლების გამოყენების უფლება და მათ, კავკასიაში, რატომღაც არა. ამასთან, ვთქვათ, ოსი ერის ნაწილი ცხოვრობს რუსეთში, ნაწილი კი საქართველოს ტერიტორიაზე და მიიჩნევს თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. როგორ ავუხსნათ ოსებს, რატომ არიან ისინი ევროპაში მეორეხარისხოვანი ხალხი? რატომ არის ნებადართული ალბანელებისათვის მოიქცნენ ასე და ოსებისთვის არა? ამის ახსნა შეუძლებელია,”- განაცხადა პუტინმა.
 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button