skip to content
ახალი ამბები

წყლის პრობლემა ცხინვალის რეგიონში კვლავ დაძაბულობის მიზეზია

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 3 ივნისს განაცხადა, რომ ისინი წყლის მიწოდებას შეუწყვეტენ ქართულ სოფლებს, თუ ცხინვალში არსებული წყლის დეფიციტის პრობლემა კვირას 15 საათამდე არ მოგვარდება.


”თუ დღეს [3 ივნისს, დღის] 3 საათამდე ჩვენ მუშებს ქართულ მხარესთან თანამშრომლობით – ჩვენ არ ვართ მათი ჩართვის წინააღმდეგ – არ ექნებათ საშუალება დაზიანებული წყალსადენის შეკეთება დაიწყონ, ჩვენ იძულებული ვიქნებით შევუწყვიტოთ [წყლის მიწოდება] გორის რაიონში მდებარე სოფლებს,” – განაცხადა სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში 3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.


სამხრეთ ოსური მხარე აცხადებს, რომ თბილისი არ აძლევს ოს მუშებს საშუალებას ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებზე გამავალი წყალსადენი შეაკეთონ.


ამ დაზიანების შედეგად ცხინვალი უკვე ცხრა დღეა სასმელი წყლის გარეშე რჩება. თავდაპირველად წყალსადენი  მოსახლეობის მიზეზით დაზიანდა, რომელთაც მილი განგებ გახვრიტეს, რათა ის სარწყავად გამოეყენებინათ, თუმცა ამის შემდეგ დაზიანებას ქარიშხალმაც შეუწყო ხელი.


ცხინვალმა და მოსკოვმა უკვე დაადანაშაულეს თბილისი წყლის კრიზისის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში. ცხინვალის განცხადებით, ქართული მხარე ცდილობს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია დინიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით ამ პრობლემის მოგვარებაში ჩართოს. ცხინვალი და მოსკოვი სანაკოევის ადმინისტრაციას ”მარიონეტულს” უწოდებენ და მასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.


”მე თქვენ გეუბნებით: საქართველო ომისთვის ემზადება… მე პირადად მერაბ ანთაძეს [საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში] ვერ დავადანაშაულებ, რადგანაც ის არ არის ის პიროვნება, ვინც ამ საკითხს წყვეტს. ამის უკან ვანო მერაბიშვილი [საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი] დგას,” – განაცხადა ჩოჩიევმა პრესკონფერენციაზე.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში 2 ივნისს ცხინვალს მოუწოდა უარი თქვას თავის ”კონფრონტაციულ პოზიციაზე” და პრობლემები დიალოგის გზით მოაგვაროს ”ყველა იმ ძალასთან ერთად, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაშია დაინტერესებული”. მას მხედველობაში სანაკოევის ადმინისტრაცია ჰყავდა.  


3 ივნისს დიმიტრი სანაკოევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცხინვალის მთავრობამ შეგნებულად გამოიწვია წყლის კრიზისი.


”ცხინვალს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზირება სურს ულტიმატუმების და დაშინების გზით… ჩვენ ამ მუქარებზე და ულტიმატუმებზე რეაგირებას არ მოვახდენთ. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ფრთხილ პოლიტიკას და მუშაობას… ქართულ მხარეს ამ [წყლის] პრობლემასთან არაფერი აქვს საერთო. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ კოკოითის რეჟიმი თავად იყენებს წყალს დაძაბულობის ესკალაციისთვის,” – განაცხადა სანაკოევმა.


ეუთოს მისიამ საქართველოში მოუწოდა მხარეებს არსებული წყლის კრიზისი ”ერთად და რაც შეიძლება სწრაფად” მოაგვარონ.


”კრიზისის ჰუმანიტარული ხასიათიდან გამომდინარე, მე მოვუწოდებ ყველა მხარეს კონცენტრირება მოახდინონ კრიზისის სწრაფ მოგვარებაზე, რათა დაძაბულობა კიდევ უფრო არ გამწვავდეს,” – განაცხადა ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა 2 ივნისს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button