skip to content
ახალი ამბები

თბილისი მოსკოვს ცხინვალის რეგიონის წყალმომარაგების პრობლემის ’განზრახ დამახინჯებაში’ ადანაშაულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსი კოლეგების  მხრიდან ცხინვალის რეგიონში წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებული მოვლენების  ”ტენდენციურად წარმოჩენის მიზნით” ადგილი აქვს ”დეზინფორმაციისა და ფაქტების განზრახ დამახინჯების” მცდელობას.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს განაცხადა, რომ ცხინვალში წყალსადენის დაზიანებასთან დაკავშირებულ პრობლემას თბილისი თავისი ”პოლიტიკური თამაშებისთვის” იყენებს და ადგილობრივი მოსახლეობა ამ თამაშების ”მძევლად აქცია”. 


”რუსული მხარე შეგნებულად ცდილობს მდგომარეობის დრამატიზებას, რათა პროპაგანდისტული მეთოდებით შეამზადოს საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრი მოვლენათა შესაძლო ძალისმიერი, ისევ და ისევ მის მიერ დაგეგმილი სცენარით განვითარებისათვის,”- აცხადებს 1 ივნისს საქართველოს საგარეო უწყება. 


ქართული მხარე აღნიშნავს, რომ მოსკოვის და ცხინვალის რიტორიკა ერთმანეთს დაუახლოვდა და მოუწოდებს რუს კოლეგებს თავი შეიკავონ ისეთი შეფასებებისაგან,  ”რომლებიც საბოლოო ჯამში მხოლოდ და მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას ემსახურება”.


”რაც შეეხება წყლით მომარაგების საკითხებს, ბუნებრივია, რომ ეს არის კონფლიქტის პერიოდში სეპარატისტული რეჟიმის 16-წლიანი “მმართველობის” შედეგი – მწყობრიდანაა გამოსული მთელი ინფრასტრუქტურა,”- აცხადებს ქართული მხარე.


წყალმომარაგების საკითხი მხარეებს შორის კონფრონტაციის მიზეზი მას შემდეგ გახდა, რაც წყალსადენი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაზიანდა და ამას ოსურმა მხარემ ქართული სოფლებისათვის წყლის მიწოდების შეწყვეტით უპასუხა.


როგორც სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 2 ივნისს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, მას შემდეგ, რაც მხარეებმა წყალმომარაგების აღდგენაზე შეთანხმებას მიაღწიეს, ცხინვალმა განაახლა წყლის მიწოდება, თუმცა ამის მიუხედავად ქართულ სოფლებში ოსური მხარის მუშა ჯგუფი წყალსადენის შეკეთების მიზნით მაინც არ იქნა დაშვებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button