ახალი ამბები

თბილისი ოსური მხარის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ე.წ. ”ოპოლჩენების” მიერ 2 ივნისს და ასევე  ე.წ  სწრაფი რეაგირების სპეცრაზმის (“COBR”) თანამშრომლების მიერ 3 ივნისს გატაცებული საქართველოს 5 მოქალაქის გათავისუფლებას კატეგორიულად მოითხოვს, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ”ადექვატური ზომების” მიღებით იმუქრება.


შსს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 5 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2 ივნისს, კოკოითის უკანონო შეიარაღებული ფორმირების ე.წ ’’ოპოლჩენების’’ წევრების, ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის მკვიდრების, ძებნილების: არკადი ძერანოვის, დავით ცხოვრებოვის (ზედმეტსახელად ’’მელა’’) და გიორგი თედეევის მიერ, ფულის გამოძალვის მიზნით, გატაცებული იქნა საქართველოს ორი მოქალაქე, ხაშურის რაიონის სოფელ ქინძათის მაცხოვრებლები: როსტომ ნოზაძე და ვასილ გელაშვილი.


შს სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ 3 ივნისს ცხინვალის რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ სწრაფი რეაგირების სპეცრაზმის  (“COBR”) თანამშრომლების მიერ, ცხინვალის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მიხეილ მინძაევის უშუალო ბრძანებით, ცხინვალში მძევლად იქნა აყვანილი საქართველოს სამი მოქალაქე: ივანე ზედგენიძე, კობა ბარბაქაძე და ზვიად ცუცქირიძე, რომელთა გამოსასყიდი თანხის რაოდენობა ”ბანდიტურ რეჟიმს ჯერ არ დაუსახელებია”.


”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს გატაცებული და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათვისუფლებას. ასევე, კატეგორიულად მოვითხოვთ გამტაცებლების: არკადი ძერანოვის, დავით ცხოვრებოვის და გიორგი თედეევის დაკავებასა და ქართული სამართალდამცავი ორგანეობისათვის გადმოცემას,” – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button