ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთში წყალსადენის დაზიანება პოლიტიკურ კამათში გადაიზარდა

ცხინვალში წყალსადენის დაზიანებასთან დაკავშირებულ პრობლემას თბილისი თავისი ”პოლიტიკური თამაშებისთვის” იყენებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს.


წყალსადენი, რომელიც ცხინვალის ჩრდილეთით მდებარე ქართულ სოფლებზე გადის, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დააზიანეს, რომლებიც მას სარწყავად იყენებენ. ეს პრობლემა ყოველწლიურად იჩენდა თავს, თუმცა პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს საკითხი მხარეებს შორის პოლიტიკური კონტრონტაციის მიზეზი გახდა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ არ დაუშვა ოსი მუშები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაზიანებული წყალსადენის შესაკეთებლად.


”თბილისი მოითხოვს, რომ [სამხრეთ ოსეთის მხარემ] ნებართვა [სარემონტო სამუშაოებისთვის] [დიმიტრი] სანაკოევისგან [სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი] აიღოს, რომელიც ქურთაშია განთავსებული. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ნებისმიერ კონტაქტებს მასთან მიუღებლად მიიჩნევს. ამგვარი საქციელით, თბილისმა ცხინვალის და ქართული სოფლების მოსახლეობა ფაქტიურად თავისი პოლიტიკური თამაშების მძევლებად აქცია,”- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.


სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ არსებული სიტუაცია ”საკმაოდ სახიფათოა” და მოუწოდა ქართული მხარეს უარი თქვას დაძაბულობის პოლიტიკურ ესკალაციაზე.


”ამ კონტექსტში ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სამხრეთ ოსეთის მხარეს თავშეკავება გამოიჩინოს და არ აჰყვეს პროვოკაციებს. პირდაპირი კონტაქტები მხარეებს შორის და მოლაპარაკებები შსკ-ს ფარგლებში შეიძლება გახდეს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.


ამასობაში, ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ სწორედ სამხრეთ ოსეთის მხარემ გადაკეტა წყლის მიწოდება ჯავაში მდებარე წყალსაქაჩიდან.


წყალსადენი, რომელიც ჯავადან მოდის, კვეთს სამხრეთ ოსური და ქართული მხარეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს და ცხინვალზე გადის. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე გადაუკეტავდა წყლის მიწოდებას ქართულ სოფლებს, თუ თბილისი უარს იტყოდა წყალსადენის აღდგენაზე მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button