skip to content
ახალი ამბები

კეზერაშვილი ერაყში ქართული კონტინგენტის განთავსების დეტალებზე საუბრობს

ქართული დამატებითი კონტინგენტი, რომელიც ერაყში ივნისში გაემგზავრება, ვასითის პროვინციაში განლაგდება, სადაც  ქალაქ ალ კუტის და ირანთან არსებული საზღვრის პატრულირებას განახორციელებს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში.


საქართველო ერაყში თავისი სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გეგმავს 850-დან 2 000 სამხედრომდე.


ინტერვიუს იმ ნაწილში, რომელიც 30 მაისს გამოქვეყნდა, კეზერაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები ბაღდადიდან 185 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ალ კუტის და ვასითის პროვინციის პატრულირებას განახორციელებენ.


მისი თქმით, ამჟამად ეს პროვინცია ერთ-ერთ ყველაზე წყნარ ადგილადაა მიჩნეული ერაყში.     


”თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნო, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ გარკვეული შეიარაღება გადმოდის ირანის ტერიტორიდან ერაყში, რაზეც დღეს-დღეობით რეაგირება ვერ ხდება და გადმოდის სწორედ ამ პროვინციის გავლით, რაზეც ქართველ ჯარისკაცებს მოუწევთ რეაგირება, რაც გულისხმობს რომ გარკვეულ წილად დაძაბულობა იქ გაჩნდება,” – განაცხადა კეზერაშვილმა.


”მე ვერ დაგეთანხმებით რომ პროვინცია, სადაც ეხლა უნდა განთავსდეს ქართული ბრიგადა, არის იმაზე რთული, ვიდრე ის ადგილები, სადაც ახლა იმყოფებიან ქართველი ჯარისკაცები, მაგალითად ბაქუბა არის ყველაზე ცხელი წერტილი ერაყში და იქ იმყოფება ქართული ქვედანაყოფი. უბრალოდ ამოცანა აქვს [დანაყოფს] სხვა ბაქუბაში; ამჯერად ამოცანაა მხოლოდ და მხოლოდ ბაზის დაცვა და ერთი ხიდია, რომელსაც ასევე ვიცავთ. ასე რომ, ძირითადად დაცვითია ჩვენი ქვედანაყოფების ფუნქციები. ისინი არ იღებენ მონაწილეობას პატრულირებაში,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


”განსხვავება ამ ორ მისიას შორის იქნება სწორედ ის რომ, ამჯერად საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადას პატრულირება მოუწევს ალ კუტში და მთლიანად პროვინცია მიბარებული იქნება ქართული ბრიგადაზე და თავიდან ბოლომდე მთლიანი პასუხისმგებლობა იქნება ჩვენზე. ეს არის მთავარი განსხვავება,” – დასძინა მან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button