ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის ვიზების გაცემას განაახლებს

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ჯაშუშების სკანდალის გამო 28 სექტემბრიდან შეჩერებულია, 29 მაისიდან ნაწილობრივ განაახლებს, იტყობინება ”ინტერფაქსი” საქართველოში რუსეთის ელჩზე ვიაჩესლავ კოვალენკოზე დაყრდნობით.


”ჩვენ იმ მოქალაქეებს მივცემთ ვიზებს, რომელთა ოჯახის წევრებიც ცხოვრობენ რუსეთში და არიან რუსეთის მოქალაქეები. საკმარისი იქნება ოჯახის ერთი წევრის მიწვევა მეორე წევრისათვის და ვიზა გაცემული იქნება,”- აცხადებს ვიაჩესლავ კოვალენკო.


მისი ინფორმაციით, ვიზები ასევე გაიცემა იმ მოქალაქეებზეც, ვისაც აქვთ  დროებით რუსეთში ცხოვრების უფლება.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა რუსული მხარის ამ გადაწყვეტილებას  ”კარგი ნაბიჯი” უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ”აქ საუბარია ნაწილობრივ გამარტივებაზე და არა სრულ აღდგენაზე, რასაც ჩვენ ვითხოვდით”.

რუსული მხარის ეს გადაწყვეტილება წინ უსწრებს ორი ქვეყნის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას 10 ივნისს სანკტ-პეტერბურგში, სადაც დსთ-ს არაფორმალური სამიტი იმართება.

სავიზო სანქციის გარდა, მოსკოვმა თბილისთან გასული წლის ოქტომბრიდან ყველა სახის პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყვიტა და საფოსტო კავშირზეც უარი თქვა. ამ დრომდე კი უკვე დაწესებული იყო ემბარგო საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ღვინოსა და მინერალურ წყლებზე. ასევე დღემდე დაკეტილია ერთადერთი ლეგალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტი – ზემო ლარსი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button