ახალი ამბები

პრეზიდენტი ბიზნესმენებს საგადასახადო ლიბერალიზაციაზე ესაუბრა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა  ბიზნესმენებს საგადასახადო სისტემაში დაგეგმილი ლიბერალიზაციის კუთხით სამუშაო რეჟიმში თანამშრომლობა შესთავაზა, რათა საშემოსავლო და სოციალური გადასახადების გაერთიანების შედეგად ტვირთი მხოლოდ დასაქმებულს არ დააწვეს.  


პარლამენტი მალე დაიწყებს მთავრობის ინიციატივის განხილვას მოგების გადასახადის 20%-დან 15%-მდე შემცირებისა და საშემოსავლო და სოციალური ერთიანი 25%-იანი გადასახადის შემოღების თაობაზე. ეს უკანასკნელი არსებულ განაკვეთებთან შედარებით 2%-იან შეღავათს ნიშნავს.  


”გაერთიანებული გადასახადი არ უნდა დაგაწვეთ და იმისთვის არის, რომ თქვენ  შეგიმსუბუქოთ ცხოვრება, მარგამ ეს უნდა იყოს ისეთი გადასახადი, რომელიც თქვენთან დასაქმებულ ადამიანებს არ გაუუარესებს ცხოვრებას. იდეა მოგვწონს, მაგრამ დამუშავება თქვენთან ერთად უნდა მოხდეს, რაღაც შეცდომა რომ არ მოგვივიდეს,”- განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა 27 მაისს ბიზნესმენებს. 


”ჩვენ მაქსიმალურად ვაპირებთ, რომ სტიმულირება მივცეთ სამუშაო ადგილების შექმნას. უნდა შრომა დავბეგროთ დაბალი გადასახადით, ეს არის ფილოსოფია სახელმწიფოსი,”- დასძინა მან.  


პრეზიდენტი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს 27 მაისს საქმელმოქმედო სადილის ფარგლებში შეხვდა, საიდანაც შემოსული 164 ათასი დოლარი ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის რესტავრაციას მოხმარდება.


მიხეილ სააკაშვილმა ასევე განუცხადა ბიზნესმენებს, რომ სახელმწიფო ნაკლებად ჩაერევა მათ საქმიანობაში. 


”რას აკეთებს საქართველოს მთავრობა? საქართველოს მთავრობამ პირველი დიდი საქმე გაგიკეთათ, მაქსიმალურად დაგანებათ თავი, ეს არის მთავარი პრინციპი ეკონომიკის განვითარების… მეორე, ეს არის ქვეყნის მაქსიმალურად უკეთესად წარდგენის სტრატეგია და ტაქტიკა,”- განაცხადა სააკაშვილმა.    


მისი თქმით, ბიზნესმა უნდა გააფართოვოს ”გეოგრაფია” როგორც ევროპის, ისე ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით.


”ჩვენ კარგ ტალღაზე ვართ ძალიან. მსოფლიო ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, საქართველოს კი აქვს კარგი სახელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია პატარა ქვეყნისთვის ძალიან ბევრი ფულის მოზიდვა…ჩვენ წელს პიდაპირი ინვესტიციები გვექნება 2 მლრდ დოლარზე მეტი,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. 


”ასე რომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს რა მასშტაბებზე გავდივართ ყველანი ერთად…  გაბედეთ, მიაწექით, უკან არ დაიხიოთ, არაფრის არ შეგეშინდეთ,”- მიმართა მან ბიზნესმენებს.   



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button