ახალი ამბები

დიმიტრი სანაკოევი ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა

ე.წ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერი დიმიტრი სანაკოევი რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შესახებ ბრძანებულებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლონეთში გამგზავრებამდე მოაწერა ხელი.


”შექმნილი იქნა დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ორგანო, რომელსაც მიენიჭა უფლება დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულზე მმართველობითი ფუნქციების განხორციელებისა, ხოლო დიმიტრი სანაკოევზე დელეგირებული იქნა აღნიშნული დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ფუნქციები,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა.


”აქედან გამომდინარე ხვალ საქართველოს პარლამენტში დიმიტრი სანაკოევი გამობრძანდება ოფიციალური სტატუსით, როგორც დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირი,”- დასძინა მან.


დიმიტრი სანაკოევი 11 მაისს საქართველოს პარლამენტში სპეციალური მიმართვით წარსდგება.

ოპოზიცია უკვე მიესალმა იმ ფაქტს, რომ სანაკოევი პარლამენტს ოფიციალური სტატუსით მიმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია ამ გამოსვლის ბოიკოტირებით იმუქრებოდა.     


პრეზიდენტის ბრძანებულებამ სანაკოევის დანიშვნის თაობაზე დაასრულა სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერის ლეგალიზაციის პროცესი.


ეს პროცესი, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაიწყო, როცა სანაკოევი სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერი გახდა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამართულ არჩევნების შედეგად, აღიქმება საქართველოს ხელისუფლების მთავარ მცდელობად შეარყიოს კონფლიქტის ზონაში არსებული ათწლიანი სტატუს კვო.


მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ აპრილში გამოქვეყნებულ საჯარო პოლიტიკის ნარკვევში ნათქვამია, რომ თბილისის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია კონფლიქტისთვის ეთნიკური შეფერილობის ჩამოცილება ან შესუსტება მაინც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button