ახალი ამბები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ 10 მაისს დეპუტატებს განუცხადა, რომ 2006 წელს ინფლაციის დონემ 8.8%-ს მიაღწია, საიდანაც 5.6% გარე ფაქტორებით იყო გამოწვეული, მათ შორის რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესებით.


”ინფლაცია საქართველოში შიდა ფულადი მიზეზებით არ იყო გამოწვეული. მთავარი მიზეზი ინფლაციისა გარე ზეწოლა იყო,” – განაცხადა გოცირიძემ პარლამენტში ეროვნული ბანკის წლიური მოხსენებით გამოსვლისას.


მისი თქმით, ინფლაციის დონის 5.6%-ი გამოიწვია იმ მიზეზებმა, რომელიც ”ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის”.


”მაგალითად, პურის ფასი გაიზარდა 11%-ით, რამაც ინფლაციის საერთო დონეში 0.2% შეადგინა; ეს რუსეთის ემბარგომ გამოიწვია… ბუნებრივი აირის ღირებულება 34.9%-ით გაიზარდა და ინფლაციის საერთო დონეში 0.3% შეადგინა. შაქრის ფასი 15%-ით გაიზარდა და მისმა წილმა საერთო ინფლაციაში 0.3% შეადგინა. ეს გამოიწვია შაქრის ღირებულების ზრდამ მსოფლიო ბაზრებზე… კვერცხის ფასი გასულ წელს 22%-ით გაიზარდა ქათმის გრიპის გამო; თქვენ იცით, რომ ჩვენ მოგვიხდა ფრინველის იმპორტის აკრძალვა მეზობელი ქვეყნებიდან, ხოლო დასავლეთ საქართველოში ფრინველის დიდი რაოდენობა დახოცეს,” – განაცხადა გოცირიძემ.


მისი თქმით, გასულ წელს ელექტროენერგიის ღირებულება 58.9%-ით გაიზარდა და ინფლაციის საერთო რაოდენობაში უდიდესი წილი -1.6%-შეადგინა.


”ეს ასევე გამოიწვია რუსეთის გადაწყვეტილებამ გაზის ღირებულების გაზრდის თაობაზე,”- დასძინა გოცირიძემ.


მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკაზე გარე ზეწოლის გადალახვა უცხოური ინვესტიციების საშუალებით მოხერხდა. 


”საქართველოში დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა გადმოირიცხა. კერძო პირების მიერ საქართველოში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული ფულის რაოდენობამ 600 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.2 მილიარდი აშშ დოლარი,” – განაცხადა გოცირიძემ.


საქართველოს სტატისტიკის დეპარტამანტის ცნობით, 2006 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button