skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძემ კონტროლის პალატის ახალი თავმჯდომარე დაასახელა

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 7 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან ჭოლაძე კონტროლის პალატის თავმჯდომარედ წარადგინა.


ეს თანამდებობა მარტში მისი ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ სოსელიას გარდაცვალების შემდეგ ვაკანტურია.


”ჩემთვის რთული იყო ამ თანამდებობისთვის ისეთი პიროვნების შერჩევა, რომელიც იქნებოდა მისაღები როგორც ოპოზიციისთვის, ისე პრეზიდენტისთვის და უმრავლესობისათვის. ვფიქრობ, რომ გარკვეული კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ თანაგუნდელებს გაუწია ანგარიში, როცა ჭოლაძეზე შეაჩერა ყურადღება და გადაწყვეტილება, ისე როგორც მას კანონი ამის უფლებამოსილებას აძლევს, დამოუკიდებლად არ მიუღია.


ოპოზიციონერი დეპუტატები თავიანთი კანდიდატის დასახელებასაც მოითხოვდნენ კონტროლის პალატის თავმჯდომარედ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი უმრავლესობა ნეიტრალურ კანდიდატს დაასახელებდა.


2005 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე ლევან ჭოლაძე, რომელიც ამჟამად 29 წლისაა, ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა და ცოტა ხნით ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობასაც ასრულებდა.


კანონის თანახმად, კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა წარადგინოს და პარლამენტმა 5 წლით აირჩიოს.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button