ახალი ამბები

სააკაშვილი სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ ლიდერს შეხვდება

პრეზიდენტი სააკაშვილი უახლოეს დღეებში სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ ლიდერს დიმიტრი სანაკოევს შეხვდება, რათა მიაღწიოს შეთანხმებას დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შესახებ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 4 მაისს.


ბურჯანაძე 4 მაისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონას ეწვია, სადაც სოფელ ქურთაში დიმიტრი სანაკოევს შეხვდა.


”უახლოეს დღეებში შედგება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და ბატონ სანაკოევს შორის, რათა მომზადდეს ის შეთანხმება, რომელიც საფუძვლად დაედება შემდგომ თანამშრომლობას და დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას,” – განაცხადა ბურჯანაძემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.


”დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა ნამდვილად დაგვეხმარება ჩვენ უმოკლეს ვადებში კონფლიქტის მშვიდობიანი და პოლიტიკური გზით დარეგულირებაში,” – დასძინა მან.


მან ასევე აღნიშნა, რომ სანაკოევს და მის გუნდს აქვთ ”ნათელი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სჭირდება ქართველ და ოს ხალხს”.


ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თბილისის მზადყოფნას გამართოს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ცხინვალში.


”თუმცა, არა მარტო შეხვედრაზე მივიღეთ უარი, არამედ ელემენტარულად უარი მივიღეთ იმ უფლებაზეც კი, რომ ცხინვალის ტერიტორიაზე გაგვევლო და მოგვიწია შემოვლითი გზით ჩაღწევა იმ ადგილებამდე, სადაც მოსახლეობას და სანაკოევს უნდა შევხვედროდით… ძალიან მალე ვერავინ ვეღარ გაბედავს საქართველოს ტერიტორიაზე გზების გადაკეტვას,”- განაცხადა ბურჯანაძემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ სანაკოევმა და მისმა ადმინისტრაციამ ”უზარმაზარი პასუხისმგებლობა აიღეს წარმოადგინონ და დაიცვან ამ რეგიონის მოსახლეობის ინტერესები ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში”.


ოპოზიციის და მმართველი პარტიების წარმომადგენლებმა უკვე გამართეს რამდენიმე შეხვედრა დიმიტრი სანაკოევთან.


საქართველოს ოფიციალურ პირებსა და დიმიტრი სანაკოევს შორის შეხვედრებს, სავარაუდოდ, მოყვება ამ უკანასკნელის დანიშვნა დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. პარლამენტმა ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ კანონპროექტი აპრილში მიიღო.   


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button