ახალი ამბები

ზურაბიშვილი: გაურკვეველია ხელისუფლების პოლიტიკა ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით

სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ოპოზიციური პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერი, აცხადებს, რომ მას ვერ აუხსნია ქართველი პოლიტიკოსების სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ ლიდერთან დიმიტრი სანაკოევთან შეხვედრების მნიშვნელობა და ცხინვალის რეგიონში ხელისუფლების პოლიტიკა.


”მე ვერ ვხედავ განსხვავებას [ალტერნატიული პრეზიდენტს დიმიტრი] სანაკოევსა და [ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ] კოკოითს შორის… სად არის ჩვენი პოლიტიკა ცხინვალის რეგიონის მიმართ და საერთოდ, რა თამაშს ვთამაშობთ?” – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა.


მას შემდეგ, რაც ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შექმნის შესახებ ახალი ინიციატივა წამოაყენა პრეზიდენტმა და პარლამენტმა შესაბამისი კანონიც დაამტკიცა 13 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციურმა და მმართველი ძალის წარმომადგენლებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს დიმიტრი სანაკოევთან. სურვილის მიუხედავად, მათ შეხვედრაზე უარი უთხრა ედუარდ კოკოითმა.


ამჟამად, კონფლიქტის ზონას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სტუმრობს და ალტერნატიული ხელისუფლების ლიდერთან დროებითი ადმინისტრაციის შექმნის საკითხს განიხილავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button