ახალი ამბები

ბაღაფში ქართულ მხარეს სიგუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მოუწოდა ქართულ მხარეს გაათავისუფლოს ”უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი აფხაზეთის მოქალაქე”, გალის ადმინისტრაციის თანამშრომელი დავით სიგუა.


”ვიმედოვნებ, რომ დავით სიგუა სწრაფად და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე იქნება გათავისუფლებული,”- იუწყება დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდი სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


აფხაზური მხარე სამი თვის წინ დავით სიგუას გაუჩინარებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და ამ დრომდე ერთ-ერთ საპყრობილეში ჰყავს დაკავებული. თუმცა ქართული მხარე ამ ფაქტთან რაიმე კავშირს უარყოფს.


იმავდროულად, ოფიციალური თბილისი დაჟინებით მოითხოვს ”საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით” 1 მარტს დაკავებული სამი სტუდენტის სოხუმის საპყრობილედან გათავისუფლებას.


”გამოუშვით სიგუა და ეს  [სამი სტუდენტის] პრობლემა იმ დღესვე მოგვარდება, იმ დღესვე,”- განუცხადა დღეს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ”რუსთავი 2”-ს სატელეფონო საუბარში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button