ახალი ამბები

სოროსი: საქართველოს რეჟიმი სიცოცხლისუნარიანი და წარმატებულია

მილიარდელი ფილანტროპი ჯორჯ სოროსი რადიო ”თავისუფლებისათვის” მიცემულ ინტერვიუში 2003 წლის ”ვარდების რევოლუციაში” საკუთარ წვლილზე საუბრობს, რომლის აღქმაც, მისი თქმით, ”გადაჭარბებულია” და აცხადებს, რომ საქართველოში დღეს არსებული რეჟიმი ”სიცოცხლისუნარიანი და წარმატებულია”.


”საქართველომ, როგორც სახელმწიფომ რეალურად შეიცვალა თავისი მახასიათებლები. კორუფცია იმაზე ნაკლებია, ვიდრე იყო. და საქართველომ შეძლო გაეძლო ძალიან, ძალიან ძლიერი ზეწოლისთვის რუსეთის მხრიდან, რადგანაც [პრეზიდენტ ვლადიმერ] პუტინს არ სურს საქართველო დამოუკიდებელი იხილოს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძირი გამოეთხარა მთავრობისთვის. მათ შეწყვიტეს გაზის მიწოდება, ააფეთქეს ელექტროსადენები და საქართველომ მაინც მოახერხა გადარჩენა. ასე რომ, სამწუხაროდ შექმნილია დაძაბული სიტუაცია და საქართველოს და რუსეთის ინტერესებშიც უნდა იყოს უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეთ,”- აცხადებს ჯორჯ სოროსი.


მისი თქმით, უკრაინისაგან განსხვავებით, რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოზე გავლენის მოხდენა.


”მე ვფიქრობ, რომ საქართველო წარმოადგენს სიცოცხლისუნარიან და წარმატებულ რეჟიმს,”- აღნიშნავს სოროსი.


მისი თქმით, ფერად რევოლუციებში მისი მხრიდან შეტანილი წვლილი გადაჭარბებულია.


”ჩემი როლი არ იქნა სწორად გაგებული და საკმაოდ გადაჭარბებულად არის შეფასებული პრეზიდენტ პუტინის და სხვებისაგან – შევარდნაძისაგან – რომლებიც ამჯობინებენ მე დამადანაშაულონ ”ვარდების რევოლუციაში”, ნაცვლად იმისა, რომ აღიარონ ხალხის მიერ რეჟიმის გადაგდება საქართველოში,”- აცხადებს ჯორჯ სოროსი 26 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.


”მე გარკვეულწილად პიროვნულად ვიყავი ჩართული საქართველოში, რადგან ვმუშაობდი შევარდნაძესთან და სხვებთან ანტიკორუფციულ კამპანიაზე, რომელიც მან და სააკაშვილმა, რომელიც მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო, პარლამენტის თავმჯდომარესთან ზურაბ ჟვანიასთან ერთად წამოიწყეს. შემდეგ კი, სამწუხაროდ, შევარდნაძემ ვერ შეასრულა თავის დაპირებები და ვალდებულებები, რადგანაც კორუფციის პირველი წყარო საქართველოში იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო  – პოლიცია, ის სრულად იყო დამოკიდებული პოლიციაზე,”- აცხადებს სოროსი.


მისი თქმით, ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ დატოვეს ხელისუფლება და თავიანთი პარტიები შექმნეს. 


”მე მათთვის მხარდაჭერა არ აღმომიჩენია, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა ჩვენ გადავეცით მათ, მაგალითად ღია საზოგადოების პრიზი, რითაც მხარი დავუჭირეთ მათ კურსს. აი ეს იყო ჩემი როლი,”- აცხადებს ამერიკელი მილიარდელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button