ახალი ამბები

უფლებათა დამცველი ჯგუფი სააკაშვილს და ბურჯანაძეს ღია წერილით მიმართავს

”მრავალეროვნული საქართველო” და კიდევ 15 უფლებათა დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ღია წერილით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა რეაგირება მოახდინონ ”ნაციონალური მოძრაობიდან” პარლამენტის წევრის ბესო ჯუღელის მიერ გაკეთებულ ეროვნული უმცირესობების საწინააღმდეგო განცხადებაზე.


ორი კვირის წინ ბესო ჯუღელმა მედია-საშუალებებით თბილისის ძველ უბნებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის ახალი მოსაკრებლების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ინიციატივა ”ქართველების წინააღმდეგ არ არის მიმართული და ამ ისტორიულ უბნებში ძირითადად სომხები, აზერბაიჯანელები, ქურთები და სხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს… და არ არის აუცილებელი, მიკირტუმამ სულ სოლოლაკში იცხოვროს”.


ამ განცხადებას დაუყოვნებელი რეაგირება მოჰყვა ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფებისაგან, რომელთაც ჯუღელს საჯარო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. თუმცა მან ეს არ გააკეთა.


”აღნიშნული განცხადება შეურაცხყოფს თბილისს და თბილისელებს, მეგობრობის, ძმობის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ისტორიულ ტრადიციებს. მოგმართავთ თხოვნით გამოხატოთ თქვენი პოზიცია… და მიიღოთ შესაბამისი ზომები… დღეს თქვენ გაკისრიათ პასუხისმგებლობა საქართველოს საზოგადოების სტაბილურობასა და ერთიანობაზე. იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება არ დააყოვნებს და თავიდან ააცილებს საქართველოს ფაშიზმის საფრთხეს,” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილისა და ნინო ბურჯანაძისადმი გაგზავნილ წერილში.


თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 18 აპრილს ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებთან შეხვედრაზე ფაქტიურად ჯუღელის განცხადებაზე მიანიშნა, როცა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ მრავალეთნიკურ საქართველოში ”თითოეული ადამიანის ტრადიცია, თითოეული ადამიანის წარმომავლობა ჩვენი სიმდიდრეა”. 


”თუ ვინმე ბრიყვს, რომელიმე ადამიანს თუნდაც პოლიტიკაში, ჰგონია, რომ ეს საქართველოს სისუსტეა, მწარედ ცდება,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button