ახალი ამბები

აფხაზური მხარე სტუდენტების გათავისუფლებას არ ჩქარობს

სოხუმი მიესალმა 23 აპრილს გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების ადმინისტრაციის უფროსის ფრიდონ ჩაკაბერიას პატიმრობიდან გათავისუფლებას, თუმცა განაცხადა, რომ ამ ფაქტს არ მოჰყვება აფხაზური მხარის მიერ 1 მარტს დაკავებული სამი ქართველი სტუდენტის გამოშვება.  


”საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს გალის ადმინისტრაციის თანამშრომელი დავით სიგუა, რომელიც 3 მარტს გაიტაცეს და გადაიყვანეს საქართველოში. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენ განვიხილოთ სტუდენტების გათავისუფლების საკითხი, რომლებიც ქართულ-აფხაზური [ადმინისტრაციული] საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს დავაკავეთ,”- იუწყება ”აფსნიპრესი” დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.


აფხაზური მხარე ფრიდონ ჩაკაბერიასა და დავით სიგუას გათავისუფლების საკითხს აყენებდა ქართულ მხარესთან დიალოგის განახლების წინაპირობად.


23 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოთქვა იმედი, რომ ფრიდონ ჩაკაბერიას გათავისუფლების ”კეთილი ნების ნაბიჯს” სოხუმის მიერ სამი სტუდენტის გათავისუფლება მოჰყვება.


”ეს დადებითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესზე,” – ნათქვამია განცხადებაში.


იმავდროულად, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ შესთავაზა სოხუმს  ”უსაფრთხოებისა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებზე” პირდაპირი დიალოგი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button