ახალი ამბები

უმრავლესობა და სტუდენტური ჯგუფი რესპუბლიკური პარტიის წევრს აკრიტიკებს

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა და სტუდენტურმა ჯგუფებმა ”მავნებლური და უპასუხისმგებლო” უწოდეს რესპუბლიკური პარტიის წევრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის საკითხებზე გააქტიურებული სტუდენტების უკან შესაძლოა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ზუგდიდის განყოფილება იდგეს.


ზაქარეიშვილის ეს კომენტარი 22 აპრილს ”რუსთავი 2”-ის საკვირაო გადაცემის სიუჟეტში გავიდა, რომელიც 1 მარტს აფხაზური მხარის მიერ ”საზღვრის უკანონო გადაკვეთის” მოტივით დაკავებული სამი ქართველი სტუდენტის თემას ეძღვნებოდა.


”ბატონი ზაქარეიშვილის ამ განცხადებას იმედია მისი თანაპარტიელები გამოეხმაურებიან და დაგმობენ, როგორც მინიმუმ უპასუხისმგებლო განცხადებას. არანაირი კავშირი ამ სტუდენტებს სპეცსამსახურებთან არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ. ეს ახალგაზრდები არიან მოტივირებული და იბრძვიან იმისათვის, რომ თავიანთი სამშობლო გააერთიანონ,”- განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.   


”რესპუბლიკური პარტია შეიკრიბა და არ დაგმო პაატა ზაქარეიშვილი, პირიქით ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი წევრი სწორად ავითარებდა აზრებს და ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ აღმოაჩნდა უნარი სატელევიზიო გადაცემებიდან სწორი დასკვნები გამოეტანა,”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე. 


მან ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრები გაუძლებენ ნებისმიერ შემოტევას, თუ ამის ფასად სოხუმში დაკავებული სტუდენტები იქნებიან გათავისუფლებულები, რაც ”დღეს მთავარი პრიორიტეტია”. 


”თუმცა ჩვენც ვიტოვებთ უფლებას, როცა ბავშვები გათავისუფლებულები იქნებიან გავარკვიოთ რა მოხდა, როგორ აღმოჩნდნენ ისინი აფხაზეთის მხარეს,”- დასძინა მან.   


”ჩემთვის მიუღებელია, რომ საზოგადოება ვერ გათავისუფლდა ისეთი კლიშეებისაგან , როგორიც არის დაგმობა მოღალატეების იარლიყების ჩამოკიდებით,”- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ბრიფინგზე.


თუმცა მას თავისი სიტყვის დამთავრება არ დასცალდა, რადგან სტუდენტების ჯგუფი, რომელიც რესპუბლიკელების ოფისთან მის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას მართავდა, ოფისში ხმაურით შეიჭრა და პრესკონფერენცია ჩაშალა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button