skip to content
ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი დეპუტატს აკრიტიკებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობამ ”მრავალეროვანი საქართველო” 14 აპრილს განაცხადა, რომ დეპუტატ ბესო ჯუღელის განცხადება თბილისის ძველ უბნებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის ახალი მოსაკრებლის შემოღების ინიციატივის მხარდასაჭერად ”ფაშიზმის მანიფესტაცია” იყო.


თბილისის ძველი უბნების მაცხოვრებლებისთვის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე ახალმა ინიციატივამ გასულ კვირას მწვავე პოლიტიკური დებატები გამოიწვია. მოსაკრებლის შემოღების შემთხვევაში, ასეთ უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას 10 თეთრიდან 3 ლარამდე [ან 1,5 ლარამდე] მოსაკრებლის გადახდა მოუწევს ერთ კვადრატულ მეტრზე თვეში. გავრცელებული ინფორმაციით, გადასახადიდან შემოსული თანხები ძველი თბილისის რეაბილიტაციას მოხმარდება. ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ინიციატივის შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლები იძულებული გახდებიან გაყიდონ თავიანთი სახლები იმ უბნებში, რომლებიც სულ უფრო პრესტიჟული ხდება უძრავ ქონებაში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით.


დეპუტატმა ბესო ჯუღელმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადა, რომ ეს ინიციატივა ”ქართველების წინააღმდეგ არ არის მიმართული”.


”ამ ისტორიულ უბნებში ძირითადად სომხები, აზერბაიჯანელები, ქურთები და სხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს… არ არის აუცილებელი, მიკირტუმამ სულ სოლოლაკში იცხოვროს,” – იტყობინება ”24 საათი” 12 აპრილს ჯუღელის სიტყვებზე დაყრდნობით.


ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დამცველმა ჯგუფმა – საერთო-სამოქალაქო მოძრაობამ ”მრავალეროვანი საქართველო” განაცხადა, რომ ამგვარი განცხადება აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოებისთვის.


”მივმართავთ მმართველი პარტიის ლიდერებს თხოვნით კომენტარი გააკეთონ დეპუტატ ჯუღელის განცხადებაზე და მიიღონ შესაბამისი ზომები ამ ფაქტთან დაკავშირებით,”- ნათქვამია განცხადებაში.


”დეპუტატ ჯუღელს ვაძლევთ შანსს პირველივე სამუშაო დღეს – ორშაბათს – ბოდიში მოუხადოს საქართველოს მთელ მოსახლეობას და კერძოდ თბილისში მცხოვრებ იმ მოსახლეობას, რომელთა მეგობრობის, ძმობის, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ისტორიულ ტრადიციებსაც ის არ იზიარებს,” – ნათქვამია განცხადებაში. 


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button