ახალი ამბები

ბურჯანაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის თემაზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომელიც ”სტრატეგიულ” პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობებს ხელოვნურად დაძაბავს საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით.


თბილისი და ბაქო აგრძელებენ მოლაპარაკებებს საზღვრის პერიმეტრის იმ 35%-ის, მათ შორის სამონასტრო კომპლექსის ”დავით გარეჯის” მონაკვეთის თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელია ორ ქვეყანას შორის.


ოპოზიციური კონსერვატიული პარტია გამოთქვამს ვარაუდს, რომ ხელისუფლება შესაძლოა გარკვეულ დათმობებზე წავიდეს აზერბაიჯანთან ”დავით გარეჯის” სასაზღვრო მონაკვეთთან დაკავშირებით


”მინდა ყველას მოვუწოდო, რომ განცხადებებისაგან, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა რაიმე პოლიტიკური გარიგების საგანი გახდება, ყველამ შეიკავოს თავი,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულს მიაწოდოს ინფორმაცია საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ოფიციალურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. 


”აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რაც გულისხმობს ერთმანეთის წარსულის და სამომავლო ინტერესების პატივისცემას… ასეთივე პრინციპებით აქვთ ურთიერთობები აგებული მათ ჩვენთან და ამიტომ ხელოვნურად ნუ იქნება მუსირება იმ თემებისა, რომელსაც, როგორც წესი  რეალური საფუძველი არ გააჩნიათ,”- აღნიშნა ბურჯანაძემ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button