skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა სამხრეთ ოსეთზე კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

162 ხმით 1-ის წინააღმდეგ პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით მიიღო პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა სამხრეთ ოსეთში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ.


”მისასალმებელია, რომ საკონსტიტუციო კვორუმზე მეტი ხმით იქნა მხარდაჭერილი კანონპროექტი,”- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კენჭისყრის შემდეგ.


”ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური გზავნილი როგორც ჩვენი მოსახლეობისათვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ამ კანონპროექტით ეყრება საფუძველი რეალურ ნაბიჯებს, რომ ყველა მხარესთან ჩვენ გვქონდეს ძალიან სერიოზული კონსულტაციები, ვისაც მთავარ ამოცანად აქვს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირება მოხდეს,”-  აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 


კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული ერთეული ითვალისწინებს ისეთი მექანიზმების შექმნას, რომლებიც დაეხმარება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, რეგიონის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრას და დემოკრატიული არჩევნებისთვის მომზადებას.


კანონპროექტის შინაარსში, 5 აპრილს პირველი მოსმენით კენჭისყრის შემდეგ, არანაირი ცვლილება არ შესულა. საბოლოოდ კანონპროექტს პარლამენტი 13 აპრილს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.


დღეს კი დაგეგმილია საპარლამენტო ძალების შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად იმსჯელებენ სამხრეთ ოსეთში ახალი ადმინისტრაციული ერთეული შექმნის შესახებ ინიციატივის მიზნებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button