skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტები აპირებენ გაეროს, ეუთოს როლს გადახედონ მოლაპარაკებათა პროცესში

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა გაეროს უშიშროების საბჭოს აფხაზური მხარის მიმართ არაობიექტურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სოხუმში დაგეგმილ სეპარატისტთა სამიტზე განიხილება გაეროს ეგიდით მოლაპარაკებათა გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი, იუწყება ”აფსნიპრესი”.


სოხუმში თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის ლიდერები დემოკრატიისა და ხალხთა უფლებების დაცვის თანამეგობრობის ფარგლებში 10-11 აპრილს შეიკრიბებიან.


შამბას თქმით, ანალოგიური პრეტენზიები აქვთ ცხინვალსა და ტირასპოლს მოლაპარაკებათა პროცესში ეუთოს ობიექტურობასთან დაკავშირებითაც.


”შესაძლოა დადგეს საკითხი, თუ ვინ უნდა იყოს მთავარი შუამავალი დარეგულირების პროცესში, ვის ვენდობით ჩვენ,”- აცხადებს შამბა.


სოხუმი ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ტრადიციულად არ მიეცემა საშუალება მონაწილეობა მიიღოს 10 აპრილს ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში, სადაც აფხაზეთის კონფლიქტის საკითხი განიხილება და მოსალოდნელია მორიგი რეზოლუციის მიღება.


შამბას თქმით, აშშ, რომელიც მოლაპარაკებათა პროცესში დამკვირვებლის სტატუსს ატარებს, ”ასე აქტიურად არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს მონაწილეობას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში”.


”რუსეთს, როგორც ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში შუამავალს, სრული უფლება აქვს მოითხოვოს, რომ ჩვენ მოგვისმინონ. სწორედ რუსეთი იღებს პასუხისმგებლობას სამშვიდობო პროცესზე გაეროსთან ერთად,”- აცხადებს შამბა.


მისი განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭო ყოველთვის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ”მაშინ, როცა ჩვენ თვითგამორკვევის უფლებაზე მივუთითებთ”.


”ამ და სხვა ჩვენმა იმედგაცრუებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს გაეროს ეგიდით სამშვიდობო პროცესის შემდგომ გაგრძელებაზე,”- დასძენს შამბა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button