skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი: ყაზახეთი წელს შეიძლება ნომერ პირველი ინვესტორი გახდეს

სამხრეთ კავკასიური დერეფნის მნიშვნელობასა და დამატებითი ყაზახური ინვესტიციების მოზიდვაზე ისაუბრეს დღეს საქართველოს და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებმა ზურაბ ნოღაიდელმა და კარიმ მასიმოვმა, რომელიც ორდღიანი ვიზიტით თბილისში 4 აპრილს ჩამოვიდა.


ყაზახეთი გასულ წელს 152 მლნ დოლარით საქართველოში უცხოური ინვესტიციების განხორციელების მიხედვით მესამე ადგილზე იყო. 


”წელს კიდევ უფრო მეტი იქნება და ყაზახეთი შეიძლება გახდეს ნომერ პირველი ინვესტორი… მე ვარ კმაყოფილი დინამიკით როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, ისე ინვესტიციების მოზიდვაში,” – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


მისი თქმით, მხარეებს შორის განხილვის სტადიაშია ყაზახური კაპიტალით ფოთის პორტში ხორბლის ტერმინალის და ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტები.


მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება სამხრეთ კავკასიური დერეფნის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. 


”ჩვენი ამოცანაა და ჩვენ ამას გავაკეთებთ კიდეც, რომ ეს სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფანი იყოს არა მარტო ყველაზე მოკლე, არამედ ყველაზე ეფექტური, ყველაზე იაფი და ვთავაზობთ ყაზახეთს მონაწილეობა მიიღოს ამ დერეფანში არა მხოლოდ, როგორც ტვირთების მომწოდებელმა, არამედ როგორც ინვესტორმა,” – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყაზახეთი დაინტერესებულია ამ დერეფნის საშუალებით  ხორბლის,  ენერგორესურსების და  სხვადასხვა პროდუქციის ტრასპორტირებით, თუმცა ”ეს შემდგომი მოლაპარაკებების საგანია”.


”ძალიან მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი შეხვედრებია, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე ყველა ამ რეგიონის ქვეყნებთან… ამ ბოლო ორ წელიწადში ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ თანამშრომლობაში  რეალური გარდატეხა მოხდა,” – განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა.


დღესვე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. მოგვიანებით, დელეგაცია ფოთში დაათვალიერებს ფოთის საზღვაო პორტს, ქობულეთში – ყაზახურ საინვესტიციო ობიექტებს, ბათუმში კი – ნავთობტერმინალს, საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურს და ზღვისპირა პარკს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button