skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე დარწმუნებულია უკრაინის არჩევნებში დემოკრატიული ძალების გამარჯვებაში

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უკრაინაში არსებული სახელისუფლებო კრიზისის მშვიდობიანი გზით განმუხტვისაკენ მოუწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ 2004 წლის ”ნარინჯისფერი რევოლუციის” თანამებრძოლებს  – ვიქტორ იუშჩენკოსა და იულია ტიმოშენკოს შორის ერთიანობა რომ შენარჩუნებულიყო, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა.


”პირადად ჩემი პოზიციაა, რომ მოხერხებულიყო რევოლუციის შემდგომი ერთიანობის შენარჩუნება, უკრაინაში მოვლენები ნამდვილად სხვა მიმართულებით განვითარდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინა დღეს დგას არჩევანის წინაშე და მინდა ვუსურვო ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს კონსტიტუციური, მშვიდობიანი გზით, ჩატარდეს არჩევნები,”- განაცხადა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ნინო ბურჯანაძემ.


”მე დარწმუნებული ვარ უკრაინელი ხალხის გონივრულობაში, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ დემოკრატიული ძალები, რომლებიც უკრაინისათვის სწორ მიმართულებას აირჩევენ, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკური კურსით,”- აღნიშნა მან.


უკრაინაში სახელისუფლებო კრიზისი მას შემდეგ გაღრმავდა, რაც 2 აპრილს პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ საკანონმდებლო ორგანო  – რადა – დაითხოვა და ხელახალი არჩევნები 27 მაისს დანიშნა. თუმცა რადა, სადაც უმრავლესობას იუშჩენკოს ტრადიციული ოპონენტის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ იანუკოვიჩის ძალა ფლობს, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პრეზიდენტის ბრძანებულებას არ ემორჩილება და მუშაობას კვლავ აგრძელებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button