პრემიერ-მინისტრი პირველი კვარტლის ეკონომიკურ ზრდას მიესალმება
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიესალმა 2007 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და აღნიშნა, რომ ”აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ეკონომიკის ორნიშნა ნიშნულით ზრდას”.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მარტში ინფლაცია 1,1%-ით შემცირდა, სამთვიანი ინფლაცია ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია – 2,4%.
”თუმცა 12-თვიანი ინფლაცია ჩამოვიდა ორციფრა ნიშნულზე დაბლა – 9,7%, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია,”- განაცხადა ნოღაიდელმა 3 აპრილს.
მისი განცხადებით, პირველი კვარტლის ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით 225 მილიონი ლარით იქნა გადაჭარბებული, რაც წინა წელთან შედარებით 50%-ით მეტია.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში ასევე შეიქმნა დაახლოებით 12 500 ახალი საწარმო, რაც დამატებით 85-90 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს.
”ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ წლის პირველ კვარტალში დაწყებული ტემპი… წინასწარი შეფასებით პირველ კვარტალში დაახლოებით 12-13%-იანი ზრდა გვქონდა, შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ეკონომიკის ორნიშნა ნიშნულით ზრდას,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)